06.12.2025 20:21
აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.
"ამრიგად, რადგან ე.წ. „კამიტის" და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურულია. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს -კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
დასასრულს, მადლობას გადავუხდი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს, რომელმაც სიცრუით გაჯერებულ რეპორტაჟში წამოყენებული საკითხების უსწრაფესად გამოძიება უზრუნველყო. აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე, არ დაუშვებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ აგენტურას მისცეს შესაძლებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნან და სახელმწიფოებრივი ინტერესები დააზიანონ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან ამ სპეცოპერაციის ფიგურანტები.
„ერთ-ერთი არის ბატონი შერგელაშვილი, რომელიც სხვა სისხლის სამართლებრივ საქმეშიც ფიგურირებს და კონკრეტულად ეს არის ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმე, 4 ოქტომბრის საქმე. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის" ე.წ გამოძიება, როდესაც ეყრდნობა ცნობილ მამა-შვილს და ა.შ, აღარ მინდა გავაგრძელო, როდესაც ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში და „ბიბისიში" შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობა ამის კიდევ ერთ მორიგი დასტურია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :