08.12.2025 17:20
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს, რეალურად დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯანმრთელობის რა ზიანი მიიღეს. ვითხოვთ ინფორმაციის სრულ საჯაროობას და პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსავალი არის პროცესის ღიაობა.
„კვირაზე მეტია გასული იმ მომენტიდან, რაც ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ საკუთარ ვრცელ დოკუმენტურ ფილმში, ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით, დაუშვა ვარაუდი, რომ წინა წლის დეკემბერში, ერთი წლის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა ისეთი პროცედურები და ნივთიერებები, რომლებიც აკრძალულია, მათ შორის, საერთაშორისო კონვენციებით. ამ ვარაუდებმა საზოგადოებაში გამოიწვია ბევრი კითხვის ნიშანი. იმის მაგივრად, რომ პასუხები გაცემულიყო კითხვებზე, რომლებიც დასმულ იქნა თუნდაც დოკუმენტურ ფილმში და რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას, პირიქით, ხელისუფლების ყველა შტო არის ჩართული, რომ ქართულ საზოგადოებას დამატებითი კითხვა გაუჩნდეს, მეტი ბუნდოვანება შემოვიდეს თემაში. „ქართული ოცნება" ცდილობს, ექსტრემალური ტემპებით, სწრაფად გვაჩვენოს, რომ დეტალურად გამოიძია საკითხი. მიუხედავად ამისა, ბრიფინგმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გაიმართა და ე.წ. გამოძიების დასრულება დააანონსა, მეტი კითხვის ნიშანი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, რადგან საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ, შესაძლებელია, მიტინგის დასაშლელად ისეთი ქმედებები გამოიყენა, რომელთა გამოყენებაც არაადამიანურია. ამიტომ კრიზისიდან გამოსავალი არის პროცესის ღიაობა, რომელშიც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იქნა განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა რაიმე მინარევის გაკეთება წყლის ჭავლში, ეს მინარევი ნივთიერებები მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი იქნება ღია. ამაში უცნაური არაფერია, ასეთია საერთაშორისო სტანდარტი. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთი გამოძიებები უნდა იყოს ღია. იმისათვის, რომ პროცესისადმი არსებობდეს საქართველოს მოქალაქეების ნდობა, აუცილებელია, ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, კონკრეტულად კი, ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელი კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოც არის საქართველო და რომელი კონვენციის დარღვევაც, შეიძლება, გამოვლინდეს სრულფასოვანი გამოძიების შემთხვევაში. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ნუ აჩენს დამატებით კითხვებს, ნუ მიჰყავს პროცესი მორიგი პროპაგანდისტული ხრიკებით, არამედ რეალურად დაადგინოს, საქართველოს მოქალაქეებმა ჯანმრთელობის რა ზიანი მიიღეს. ვითხოვთ ინფორმაციის სრულ საჯაროობას, პროცესის საჯაროობას. ვითხოვთ პროცესში ქიმიური იარაღის აკრძალვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართვას. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, რომლებიც სატირალში დადიან „ჰეზბოლას" და „ჰამასის" ლიდერებთან ერთად, რამე სათანადოდ არ გამოიძიონ. სამწუხაროდ, საქართველოში გადაკვეთილია ის წერტილი, სადაც შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა არსებობდეს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :