08.12.2025 17:21
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ნატო-სთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილია და ცხადი უნდა გახდეს, რას გულისხმობს ამ განცხადებაში ამერიკის ახალი ადმინისტრაცია.
„გარკვეული უნდა იყოს, საბოლოო ჯამში, არის თუ არა ნატო-ს გაფართოება ნატო-ს ყველა წევრის მიზანი და ამოცანა. ასე თუ არ არის, მაშინ ქართულ საზოგადოებას უნდა ეცნობოს, რადგან დიდი ხანია, ნატო-ს წევრობას ვესწრაფვით. აქამდე იყო განცხადებები, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს, მაშინ უნდა ვიცოდეთ. იკითხება, რომ ნატო-ს კარი დახურულია, თუმცა ნატო-ს უშუალო გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ. ბოლო განცხადებები, რაც რუტემ გააკეთა, იყო, რომ მოკავშირეებს შორის თანხმობა არ არის გაფართოების თაობაზე. ეს მაინცდამაინც იმედის მომცემი არაა", - განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა".
ავტორ(ებ)ი :