ვლადიმერ პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა სამშობლოს ღალატია -თაზო დათუნაშვილი 12.12.2025 17:27

„ქართული ოცნება" არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი საქართველოს რუსული გავლენის სფეროში მოქცევაა, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდასთან, სადაც რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან.

„„ჰესბოლასა" და „ჰამასის" აწ უკვე გარდაცვლილ ლიდერებთან ერთად ირანელი დიქტატორის ტირილში სიარულის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ქართულ დიპლომატიაში ახალ წარმატებას მიაღწია. ამჯერად აშხაბადში ვლადიმერ პუტინთან ერთად იყო. მას უკვე ჰქონდა შეხვედრა თურქმენეთის მემკვიდრეობით პრეზიდენტთან, რომელმაც მამისგან მიიღო პრეზიდენტობა, ვითარცა მონარქმა და ახლა უკვე ერთად ზის, ერთ დარბაზში ვლადიმერ პუტინთან ერთად და მას აწონებს თავს. ირაკლი კობახიძემ გადაწყვიტა, ავტოკრატიის ქართული მოდელი გაუზიაროს სხვა ავტოკრატებს ევრაზიის კონტინენტიდან. ფაქტია, ბოლო რამდენიმე თვეში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკვე რამდენჯერმე აღმოჩნდნენ ისეთ მაგიდასთან, სადაც რუსეთის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები სხედან. ამჯერად რეკორდი მოხსნილია და საქართველოს პრემიერად წოდებული არსება ზის ვლადიმერ პუტინთან ერთად ერთ მაგიდასთან და უსმენს მის მოხსენებას, რომ თავი მოაწონოს. ჩვენ ვიხილეთ მისი მოხსენება, რომელიც პირდაპირ პუტინისადმი იყო მიმართული.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ", საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ევროინტეგრაცია შეაჩერა, მტრად გამოაცხადა ჩვენი პარტნიორები, გადაწყვიტა, საქართველო ავტოკრატების შავბნელი ჯგუფის წევრი გახდეს, გეოპოლიტიკურ რუკაზე ცენტრალური აზიის და რუსეთის გვერდით აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ კობახიძემ არ გაუშვა შანსი, წასულიყო თურქმენეთში, აღენიშნა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის იუბილე და კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ეს არის საქართველოს ღალატის გზა. ეს გზა დაანგრევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დგას საქართველოს უსაფრთხოების, ევროპულ, დასავლურ გარანტიებზე. საქართველოს სუვერენიტეტი დაინგრევა ნეიტრალიტეტის იმ შემოთავაზებით, რომელიც პუტინის რეჟიმს ემსახურება და საქართველოს აღმოაჩენს პუტინის რუსეთის და დიქტატორების ორბიტაზე", - აღნიშნა დათუნაშვილმა.

როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, საქართველოს სუვერენიტეტი ემყარება უსაფრთხოების ევროპულ, დასავლურ გარანტიებს.

„„ქართული ოცნება" არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში. ის ამ გავლენის სფეროს აღიარებს, ფიქსირდება პუტინის გვერდით. სხვა არაფრით აიხსნება ის, რომ ამ ე.წ. მშვიდობის ფორუმზე ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობს. ალბათ ერთი ნაბიჯია, საჯაროდ მოხდეს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შეხვედრა და ერთგვარი მოკავშირეობა გამოცხადდეს საქართველოს და რუსეთს შორის. უკვე ვხედავთ, რომ პროპაგანდის ჯურღმულებში ამაზე ლაპარაკი აქტიურად დაიწყეს.

ჩვენ უნდა დავიცავთ ჩვენი ქვეყანა, უნდა დავასრულოთ ამ მოღალატეების მმართველობა, ხელისუფლების მიტაცება და დავაბრუნოთ ეს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენი ქვეყნის მიზანი ევროინტეგრაციაა და არა ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. პუტინი არის საქართველოს მოქალაქეების მკვლელი და სახელმწიფოებრიობის მთავარი მტერი, მასთან ერთ სივრცეში ჯდომა არის სამშობლოს ღალატი. აქვე წარმოგიდგენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტების სიას: თურქმენეთში სამი ვიზიტი, უნგრეთში სამი ვიზიტი, აზერბაიჯანში ორი ვიზიტი, არაბთა გაერთიანებულ საამირობში ორი ვიზიტი, სომხეთში ორი ვიზიტი, ყაზახეთში ერთი, უზბეკეთში ერთი, თურქეთში ერთი, ალბანეთში ერთი, ჩინეთში ერთი - აი, ამ სამყაროს ნაწილი ხდება საქართველო", - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს. სხვა ლიდერებთან ერთად, ფორუმს ესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ