4 ოქტომბერს ხალხი მშვიდობიანი პროტესტისთვის იყო მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი, რამაც გამოიწვია პროვოკაცია და დაგვიმატა ახალი პოლიტიკური პატიმრები -ირაკლი ფავლენიშვილი 15.12.2025 16:45

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმა, თუმცა პროვოკაციებმა და ღალატმა გეგმები არია. ფავლენიშვილის თქმით, ამის შესახებ თავად 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში ჩართული პირები საუბრობენ.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა მშვიდობიანი აქციის გეგმები, როგორც საუბრობენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ აქციის გამოცხადებასა და სხვა პროცესებში. თვითონ ისაუბრეს, რა პროვოკაციები მოაწყვეს, რამაც არია მათი მშვიდობიანი აქციის გეგმები. ამიტომ ამ თემაზე უფრო კომპეტენტურ ხალხს აქვს გაცემული პასუხი, ჩემი დამატება არ არის საჭირო, ისედაც ისაუბრეს ბატონმა პაატამ და სხვა ადამიანებმა, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც მათ მიერ არ იყო გათვლილი და საქმე ჰქონდათ ღალატთან, რამაც არია მათი გეგმები, აქციის თავდაპირველი გეგმა ვერ აღსრულდა პროვოკაციული ჯგუფების გამო", - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა და მისი შეფასებაა, რომ პროვოკაცია უშიშროებამ მოაწყო.

„ეს ადამიანები მისული იყვნენ მშვიდობიანი პროტესტისთვის. ორგანიზატორებიც ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც, მათი აზრით, მოაწყო უშიშროებამ. ჩემი აზრითაც, სხვას ვის უნდა მოეწყო? ამ პროვოკაციის მსხვერპლი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მოტივაციით იყვნენ აქციაზე მისული. ეს ხალხი იმავე წარმატებით დადიოდა წლების მანძილზე აქციაზე და არასოდეს არ მიუღიათ მონაწილეობა ძალადობრივ ქმედებაში. ძალადობა რომ იყოს მათი გამოხატვის ერთადერთი ფორმა, მანამდეც იძალადებდნენ. მშვიდობიანი პროტესტისთვის იყვნენ მისული, თუმცა დახვდათ მორღვეული გალავანი და ამან გამოიწვია შემდგომში ეს პროვოკაცია, რამაც, სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური პატიმრები დაგვიმატა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ