16.12.2025 17:56
საქართველოს მიმართ დეზინფორმაციების გავრცელება ჩვენი ქვეყნის იმიჯის, რეპუტაციის დაზიანებისკენ იყო მიმართული, ეს არაერთხელ ვიხილეთ სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თურმე რუსეთის სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებში იყვნენ ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს: „რუსეთში ლატვიის გავლით ნატურალური კაუჩუკის იმპორტი ხდება, რომელსაც სამხედრო დატვირთვით იყენებდნენ, მაშინ როდესაც საქართველოს მიმართ ისმოდა განცხადებები სანქციების გვერდის ავლის მიმართულებით. როგორ შეაფასებთ ამას?"
„საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკა როცა გვესმის, ნამდვილად შემაშფოთებელია ასეთი საქციელი და ქმედებები, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ვითომ ფლაგმანები არიან. ეს ქვეყნები ძალიან ხშირად შემოქმედები არიან სწორედ იმ უარყოფითი ტენდენციების, რასაც ვაწყდებით ხოლმე ბრიუსელში. სამწუხაროდ, ყოველთვის უსაფუძვლო კამპანიები იყო და მიმართული ჩვენი იმიჯის, რეპუტაციის დაზიანებისკენ, ჩვენი ინტერესების შელახვისკენ. საუბარი არ არის მხოლოდ იმიჯსა და რეპუტაციაზე, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. ეს კამპანიები როდესაც ეწყობა, ჩვენი ქვეყნის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაციები, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს არაერთხელ ვიხილეთ და კიდევ გრძელდება სწორედ იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც თურმე რუსეთის სასარგებლოდ გარკვეულ ქმედებებში არიან ჩართული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :