17.12.2025 17:34
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ" და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ" საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე" კანონპროექტს.
კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით, ერთხმად მიიღო.
პროექტის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უქმდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, ირაკლი კირცხალია, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და თორნიკე ჭეიშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი :