17.12.2025 19:30
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს წერილით მიმართავს.
როგორც კომისარი წერილში აღნიშნავს, შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის ბოლოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო შემთხვევების გამოძიებაში ხელშესახები პროგრესის არარსებობის გამო.
წერილის თანახმად, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, მაშინ, როცა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ წავიდა და გამამტყუნებელი განაჩენებით დასრულდა.
მაიკლ ო'ფლაერტის წერილის მიხედვით, „კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული და პროკურატურისთვის გადაცემული გამოძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები წინ წავიდა და გამამტყუნებელი განაჩენებით დასრულდა, პოლიციის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მათ პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ".
ამასთან, მაიკლ ო'ფლაერტის წერილის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნები „მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მრავალრიცხოვან ბრალდებებს ადასტურებს, მათ შორის წამებისა და ქალი მომიტინგეების მიმართ სექსუალური ძალადობის სავარაუდო მუქარის შესახებ ცნობებს".
კომისარი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი, რადგან ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს ძალის გამოყენების კანონიერებასთან, აუცილებლობასთან და პროპორციულობასთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური აღიარება მოხდა, რომ საპროტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული", - აღნიშნავს მაიკლ ო'ფლაერტი წერილში.
„2025 წლის იანვარში, საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარწმუნებდა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული. ამის შემდეგ რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, აღიარეს, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, თუმცა არა ის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შესაძლოა, გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობაზე, რაზეც ცოტა ხნის წინ მედიაში გაკეთებულ რეპორტაჟში იყო საუბარი. ამ კონტექსტში მიმაჩნია, რომ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება უნდა განიხილებოდეს, როგორც პოლიციის მიერ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი", - ნათქვამია წერილში.
წერილის მიხედვით, კომისარი მოუწოდებს „სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი, ეფექტური გამოძიებისკენ და მოითხოვს პასუხისმგებლობის აღებას მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევისთვის, ითხოვს განახლებულ ინფორმაციას მიღებული ზომების შესახებ".
ავტორ(ებ)ი :