საქართველოს შეუძლია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში სერბეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და პირიქით, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ -ალექსანდრ ვუჩიჩი 18.12.2025 17:03

ჩემთვის დიდი პატივია, სერბეთში მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ისტორიაში პირველად გვაქვს საშუალება, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

ვუჩიჩის თქმით, სერბეთსა და საქართველოს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ წარსულში ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ქვეყნებს საკმარისად არ უმუშავიათ.

„სერბ და ქართველ ხალხს შორის სიახლოვე გახლავთ ისეთი, რომ მე ვუთხარი პრეზიდენტ ყაველაშვილს, რომ ბელგრადსა და სერბეთში იგი ვერ იპოვის ვერცერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია, ცუდი რამ თქვას საქართველოზე. აქ ყველას უყვარს საქართველო. იგი შეიგრძნობს სერბულ სტუმართმასპინძლობას. რატომ აღვნიშნე ეს ყველაფერი? ჩვენ დავნიშნეთ პირდაპირი ფრენები თბილისი-ბელგრადის მიმართულებით, რაც ეკონომიკური და სხვა თანამშრომლობის ნაყოფია. მე ამით ვამაყობ. მალე თბილისში გავხსნით საელჩოს, რომელიც იქნება რეალური სივრცე მრავალი ბიზნესინიციატივის დასაწყებად და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვითარებით, კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში არსებული სიტუაციით და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებით.

„ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს რეზოლუციების მოთხოვნების დაცვა უმთავრესია ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ იგი პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას ისევე, როგორც სერბეთი სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მოცემულობა არასდროს შეიცვლება არცერთი მხრიდან. ჩვენ ვართ შედარებით მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ამას მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავთ. ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის. ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის", - აღნიშნა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა და მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.

„საქართველო გადის შავ ზღვაზე, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან. მარტივად რომ ვთქვა, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან - ჩვენც განვიცდით იმავეს და გვესმის საქართველოს პოზიცია. დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მომავალ წელს შევა ძალაში, რადგან ამ საკითხზე მიმდინარეობს სერიოზული და სიღრმისეული დისკუსიები. ჩვენი მხრიდან შერეულ კომისიას ხელმძღვანელობს სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი. ვთვლით, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად, საქართველოდან პროდუქტებს მივიღებთ უფრო იაფად, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ეს არის კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისა და მეწარმეებისთვის, რომ ნახონ საკუთარი პროდუქტის გასაღების ბაზრები საქართველოში.

ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობის გაძლიერება სოფლის მეურნეობისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროებში დიდ პროგრესს მივაღწევთ. ასევე, ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ, განვიხილოთ თანამშრომლობა ჩვენს სამხედრო სფეროში. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაერო-ს ორგანიზაციების, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე. მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეუძლია, ჰქონდეს სერბეთის მხარდაჭერის, ხმის იმედი და ასევე პირიქით, სერბეთს შეუძლია, ჰქონდეს საქართველოს მხარდაჭერის იმედი.

ჩვენ კიდევ გავმართავთ მრავალ შეხვედრას. ბატონი მიხეილ ყაველაშვილი გუშინ ჩამობრძანდა სერბეთში. დღეს და ხვალ ექნება ძალიან ბევრი შეხვედრა. თავი იგრძენით როგორც სახლში. ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ