15.12.2025 40:03
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით, იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში, ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი პრინციპები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის შემდეგ პრესონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ჩრდილოელ მეზობელთან საომარ ვითარებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩვენ დავიკავეთ საკმაოდ პრინციპული პოზიცია, რომელიც, პრინციპში, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, ვისთვისაც მშვიდობას ძალიან დიდი ფასი აქვს ამ გამოწვევების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას, რომელსაც ჩვენ მუდმივად მყარად ვიცავდით, უფრო მეტი ქვეყანა შეუერთდება და მშვიდობა დაისადგურებს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის საშუალებით საქართველოს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონში იყო დაძაბული, საომარი ვითარებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ესეც დასასრულს მიუახლოვდა. სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის. აუცილებლად მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სერბებსაც ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ ამ დერეფანთან დაკავშირებით. ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებთან შავი ზღვის საშუალებით გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ეს ორმხრივი ურთიერთობები მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი საკითხები იყოს წარმოდგენილი ჩვენს დღის წესრიგში. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საქმიანი საუბრის შემდეგ ჩვენი სამინისტროები უფრო მჭიდროდ გააგრძელებენ ურთიერთობას, რომ უფრო განვითარდეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები",- განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სერბეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის და სერბეთის პრეზიდენტი მომავალ წელს საქართველოში მოიწვია.
„მშვიდობის მიმართულებით სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თქვენ ახსენეთ გაერო-ს რეზოლუციები, სადაც დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის, მხარში დგომისთვის. ანალოგიურად ვართ განწყობილი მთელი საქართველო სერბეთის მიმართ. ამიტომ, ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა ჩემი აქ ყოფნით დელეგაციასთან ერთად და მივესალმო სერბ ხალხს. ასევე მოკითხვა გადმოვცე საქართველოს მოსახლეობისგან, რადგან ძალიან უყვართ სერბი ხალხი საქართველოში. ვისარგებლებ შემთხვევით და გიწვევთ საქართველოში შემდეგ წელს. დარწმუნებული ვარ, გვეწვევით და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :