,,ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან''- დავით ქართველიშვილი 22.12.2025 21:50

 

ევროკავშირში განვითარებულ მოვლენებსა და კოლაფსზე „ხალხის ძალის" წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალობის გამჟღავნების ტრიგერად ბელგიის პრემიერ-მინისტრი მოგვევლინა. მისი თქმით, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სწორედ ის აღმოჩნა ადამიანი, რომელმაც ბრიუსელს თვალი აუხილა.

დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპაში იქმნება ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც საქართველოსთვისაც გახდება მიმზიდველი, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით.

„ევროკავშირში ჩვენს თვალწინ განვითარებულ მოვლენებში ყველასგან ველოდი ტრიგერს, ოღონდ არა ბელგიის პრემიერ-მინისტრისგან. სწორედ მან იკისრა კატალიზატორისა და ტრიგერის როლი. არა ორბანმა, არა ფიცომ, არა სხვა კონსერვატორებმა პოლონეთიდან თუ ჩეხეთიდან, არამედ ეს - ბრიუსელში, შუა ევროპაში, ევროსაბჭოთა კავშირის შუაგულში გააკეთა ბელგიის პრემიერმა და თქვა - ხალხნო, რა სისულელეს ვაკეთებთ, რას ვყინავთ, როგორ ვყინავთ [რუსული აქტივები], როცა საფრანგეთში რუსული კინოს ფესტივალი ტარდება. ამას ჩვენი აკაცუკების ტელევიზიები ხომ არ იტყვიან? რუსეთს ნელ-ნელა, წლების განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ ფედერაციაში შეჩერებული უფლება უბრუნდებათ. მაგალითად დროშისა და ჰიმნის გამოყენების უფლება დაუბრუნდა ძიუდოს. ხვალ, საუბარია იმაზე, რომ ფიგურულ სრიალშიც ექნებათ დროშის აღმართვისა და ჰიმნის გაჟღერების უფლება.

არაფერს ამბობენ არც იმაზე, ბალტიისპირეთის კვაზი სახელმწიფოები რუსეთში რე-ექსპორტის რომელ დარგში ლიდერობენ. ეს ორმაგი სტანდარტი ამოუვიდათ ყელში თავად ევროპაში.

ჩვენც ვხედავთ, რომ ევროპაში იქმნება ახალი ცენტრი (ცენტრალურ ევროპას დავარქმევთ ამას, თუ აღმოსავლეთს, არ აქვს მნიშვნელობა), სადაც იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, რომ მასთან ინტეგრაცია ჩვენთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და მიმზიდველი," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ