22.12.2025 23:06
ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა.
„ერთ მხარეს იყო „ქართული ოცნების" ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ „ქართული ოცნება", იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :