,,დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს''- პრემიერი 22.12.2025 23:55

 

მე მგონია, რომ შესაძლებელია 2028 წლისთვის არსებითი ცვლილებების მიღწევა და რაც მთავარია, სწორი მიმართულებით დაიწყება პოლიტიკური პროცესების განვითარება იმ შემთხვევაში, თუ უცხოური აგენტურისგან გათავისუფლდება პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დემოკრატიულ სისტემაში გამორიცხულია, ერთი და იგივე პარტია მუდმივად იღებდეს 70-80-90 პროცენტს, თუნდაც 60 პროცენტს.

 

„ჩვენ რომ მივიღეთ წინა არჩევნებში 54 პროცენტი, ეს იყო ზუსტად იმის შედეგი, რომ გვაქვს ხელოვნური ორპოლუსიანი სისტემა ჩამოყალიბებული და საზოგადოების უმრავლესობამ ეს ყველაფერი განსაჯა, ნახა, რომ მეორე მხარეს იყო აგენტურა. წყალგამყოფი იყო ძალიან მკაფიო, იყო რეალურად რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. ოპოზიციაც რეფერენდუმად აცხადებდა ამ არჩევნებს და ჩვენც. ასე იყო რეალურად. ამ რეფერენდუმში, ორპოლუსიან სისტემაში საბოლოო ჯამში მოსახლეობის უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა მშვიდობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და განვითარებას. ვიდრე ასეთი ჩაკეტილი, ორპოლუსიანი სისტემა იქნება, მოვლენები იგივე სახით გაგრძელდება. რაც შეეხება განსხვავებულ სცენარს, როდესაც ეს მეორე არასწორი პოლუსი ირღვევა, იქ ჩნდება დიდი სივრცე იმისათვის, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ ჯანსაღი ადამიანები, შემოვიდნენ პოლიტიკაში. 

 

საქართველოში არის უამრავი განათლებული, გამოცდილი ადამიანი. დღეს ასეთი ადამიანების დიდ ნაწილს საერთოდ არ უნდა პოლიტიკაში შესვლა, როდესაც უყურებენ იმ აბსოლუტურად მახინჯს სურათს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს პოლიტიკაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სიძულვილის წარმოუდგენელი ხარისხი. ეს ხდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში, აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენი ტიპის ქვეყნებში ყველგან ხდება ეს ყველაფერი. ყველგან სიძულვილის უმაღლესი ხარისხია რასაც ვხედავთ. მათ შორის ტექნოლოგიების დონეზეც სიძულვილის გავრცელება ხდება ზუსტად ერთი და იგივე მეთოდებით. ჩვენ გარდა იმისა, რომ უცხოურ აგენტურად უნდა ვებრძოლოთ ამ ქვეყანაში, იმ მეთოდებსაც უნდა ვებრძოლოთ, რომლის გამოყენებითაც უცხოური აგენტურის მეშვეობით საქართველოში ხდება სიძულვილის დათესვა ყველაფრის მიმართ, მათ შორის სოციალური ინსტიტუტების მიმართ, იგივე ეკლესიის მიმართ. ჩვენ მთელი კამპანია დაგვჭირდა იმისათვის, რომ შეგვეჩერებინა შტურმი მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელსაც ახორციელებდნენ ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების მეშვეობით. მთელი კამპანიები ჰქონდათ, მათ შორის სატელევიზიო კამპანიები, ვიდეორგოლები და ა.შ. რომ გამოდიოდნენ „სირცხვილია" და ასეთი ორგანიზაციები და პირდაპირ თავს ესხმოდნენ, წარწერებს აკეთებდნენ საპატრიარქოს კედლებზე, ეს ხომ გამოვიარეთ. მთელი კონტენტ კამპანია დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ დაგვეცვა მართლმადიდებელი ეკლესია, არაფერს აღარ ვამბობ იმ თავდასხმაზე და სიძულვილის კამპანიაზე, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო.  სიძულვილის გაღვივება ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, ეს იყო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. სხვადასხვა სოციალური ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იგივე განათლების სისტემის გამოყენება სიძულვილის გაღვივებისთვის და ა.შ. შორს რომ არ წავიდეთ, გვაქვს უცხოური აგენტურა, მათი მეშვეობით ხდება სიძულვილის დათესვა და გაღვივება იმისათვის, რომ სახელმწიფო და ქვეყანამ ვერ გაიხაროს და ეს არის მთავარი მიზეზი. ეს რა თქმა უნდა, მოქმედებს საბოლოო ჯამში ყველაფერზე, მათ შორის ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებაზე. ეს არის ის, რასაც გვახვევდნენ თავს მთელი ამ დროის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, დღეს განსხვავებული ვითარებაა, დღეს სახელმწიფო არის ყველაზე სუვერენული და დამოუკიდებელი, ვიდრე ყოფილა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

 

„ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ გადავტრვირთოთ არასწორი პოლიტიკური სისტემა და გზა გავუხსნათ ახალ ადამიანებს და ახალ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკაში შესავლელად. ეს თუ არ გაკეთდა, არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს. მე მგონია, რომ შესაძლებელია 2028 წლისთვის არსებითი ცვლილებების მიღწევა და რაც მთავარია, სწორი მიმართულებით დაიწყება პოლიტიკური პროცესების განვითარება იმ შემთხვევაში, თუ უცხოური აგენტურისგან გათავისუფლდება პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ