23.12.2025 13:38
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფაილების გამოქვეყნება და ჯეფრი ეპშტეინის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მისი ადმინისტრაციის მიღწევებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.
ტრამპის თქმით, ფაილების გამოქვეყნებით ზარალდება იმ ადამიანთა რეპუტაცია, რომელთაც ეპშტეინთან საერთო არაფერი ჰქონდათ და მხოლოდ ფოტოებზე იყვნენ მასთან ერთად.
„მას უბრალოდ დემოკრატები იყენებენ, რადგან ეპშტეინთან დაკავშირებული ეს ყველაფერი რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა. მაგალითად, დღეს ჩვენ მსოფლიოში უდიდეს გემებს, ყველაზე ძლიერ გემებს ვაშენებთ, ისინი კი ჯეფრი ეპშტეინზე კითხვებს მისვამენ. მეგონა, რომ ეს დასრულდა. მჯერა, რომ მათ 100 000-ზე მეტი დოკუმენტი მოგვაწოდეს, რასაც უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა. ეს საინტერესო კითხვაა, რადგან ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია, რომ სხვა ადამიანების ფოტოები ქვეყნდება, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო ეპშტეინთან. ეს ადამიანები მასთან ერთად არიან გადაღებულ ფოტოზე, რადგან ის წვეულებაზე იყო და თქვენ ამით მათ რეპუტაციას ანგრევთ", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ეპშტეინთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება არ მოეწონა.
„მომწონს ბილ კლინტონი. მე ყოველთვის კარგად ვუგებდი ბილ კლინტონს. არ მინდა, რომ მისი ფოტოები გამოვიდეს. იქ ჩემი ფოტოებიც არის. ყველა მეგობრული იყო ეპშტეინთან", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი პოპმომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონი.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ავტორ(ებ)ი :