23.12.2025 18:04
ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით, ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
შარმანაშვილის თქმით, ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებშიც მივიდა ახალი გუნდი და უკვე აღარ მოერიდნენ იმას, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს კორუფცია და თუნდაც ეს ეპიზოდი რომ ავიღოთ, არ შეეხება ვინმე რიგით საჯარო მოხელეს ან დაბალი რანგის საჯარო მოხელეს. ეს შეეხება წლების განმავლობაში სპეცსამსახურის ხელმძღვანელს. რა თქმა უნდა, ის როდესაც ამ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა, მას ჰქონდა იმის უნარიც და საშუალებებიც, რომ მიეჩქმალა ეს და დაეფარა. ეს ადვილი გამოსავლენი არ არის. თქვენ ძალიან კარგად გესმით რა დონეზე შეეცდებოდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი თავისი უკანონო საქმიანობის შენიღბვას. ამიტომ დასჭირდა ამდენი დრო და როდესაც ახალი გუნდი მივიდა პროფესიონალებისა, რა თქმა უნდა, მათ შეძლებს ამ სქემის გამოვლენა იმიტომ, რომ ამ სქემის მიჩქმალვაც პროფესიონალების ხელით ხდებოდა.
წმინდა პოლიტიკურად ეს თითქოს შიდა კლანური ბრძოლაა ან რამე მსგავსი. ეს რომ შიდა კლანური ბრძოლა იყოს, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამას დღის სინათლეზე არ გამოვიტანდით. ეს საკითხები ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი საკითხები ხომ არ არის? ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იმთავითვე განმარტა, რომ ეს საფრთხე არსებობს, როდესაც მმართველი პარტია თითქმის უკონკურენტო რჩება იმის გამო, რომ ოპოზიცია რევოლუციური სიტუაციებს მეტს არაფერს აკეთებს, ასეთ ვითარებაში თვითონ შიგნით უნდა გამოინახოს ეს ძალები. ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებშიც მივიდა ახალი გუნდი და უკვე აღარ მოერიდნენ იმას, რა პოლიტიკური შედეგი მოჰყვებოდა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ქულებს მოგვიმატებდა თუ დაგვაკლებდა. მათ განაცხადეს, რომ კორუფცია არის უდიდესი სენი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, თუ მინიმუმამდე მაინც არ იქნება დაყვანილი. მიუხედავად იმისა, ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება თუ არა, ამ სენის ნაწილზე ხმამაღლა ვიტყვით და ხმამაღლა დავიწყებთ ამის მკურნალობას. ამის მომსწრეები ვართ", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :