,,რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია''- მარიამ ქვრივიშვილი 24.12.2025 21:28

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარების პროცესში.

„2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის წინააღმდეგობებით აღსავსე და გარდამტეხი აღმოჩნდა, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის არაერთ სფეროში რეფორმის სრულიად ახალი და ღრმა პროცესი წამოვიწყეთ.  ეს შეეხო საწარმოთა ოპტიმიზაციას, მიმდინარე ვალდებულებების, კონტრაქტების და გეგმების რევიზიას, ხარვეზების აღმოჩენას, აღმოფხვრას, ბევრგან სისტემურ ცვლილებას, ბევრგან კი სუფთა ფურცლიდან პროცესის განახლებას. ერთ-ერთი ასეთი ნიშანდობლივი პროექტია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ავღნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის  დასრულებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიება რკინიგზის მოდერნიზაციის  პროექტის ფარგლებში აშენებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური - 8300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა. საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა - გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვესადგურები, ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების და ბლოკირების ახალი სისტემები. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა - 1 მილიარდის ლარის ოდენობით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რკინიგზა ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის განვითარება ხელისუფლების განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ზრდის გამტარუნარიანობას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს და აიოლებს გადამზიდავთა საქმეს და საიმედოობას სძენს ჩვენს დერეფანს. შედეგად, საქართველო განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი აზიასა და ევროპას შორის",  - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მოდერნიზაციის პროექტზე საქართველოს რკინიგზის და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის ერთობლივმა გუნდმა იმუშავა, რომელმაც ურთულეს გეოლოგიურ პირობებში უზრუნველყო სამუშაოების ხარისხიანი, თანამედროვე სისტემებით შესრულება. პროექტს ზედამხედველობას ავსტრიულ-გერმანული კონსორციუმი ILF Consulting Engineers და Deutsche Bahn Engineering უწევდა.

„ჩვენს ქვეყანას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში განვითარების უდიდესი შესაძლებლობა აქვს. სწორედ ჩვენი ამბიციური გეგმების მისაღწევად, სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 2032 წლამდე 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც რკინიგზის შემდგომ განვითარებას 1 მლრდ ლარი მოხმარდება", -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ