26.12.2025 12:00
ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა - საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა საჯაროდ, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, „60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო".
„ჩერგოლეიშვილიო - ნაცები ხავიან ახალაიას დაჭერაზე (იხავლეთ, ჯანში მიმდის). მეგობრებო, ახალაია კი არა, 60 კაცია ციხეში სააკაშვილის უპასუხისმგებლო ავანტიურის გამო. ვინც ვამტკიცებდით, რომ აფერაა მთელი ეს „დამხობა", არანაირი საფუძველი არ აქვს და მხოლოდ დემოკრატიული ოპოზიციის დისკრედიტაციისთვისაა მოგონილი - ქოცებთან შეკრულებს გვიწოდებდით და ჩვენს დისკრედიტაციას ეწეოდით. სააკაშვილ/ხაზარაძის ტელეკლოაკებზე დაბლოკილი იყო დისკუსიაც და ის სპიკერებიც, ვინც ოთხი ოქტომბრის ფარსს საფრთხედ და უდიდეს ზიანად ვთვლიდით. ახალაიას ცოლი ორი თვე 4 ოქტომბრის „მშვიდობიან დამხობაზე" კამპანიას ეწეოდა - საჯაროდ. ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, თავს ესხმოდა - საჯაროდ (გაითვალისწინეთ, რომ საჯაროდ აკეთებდა ამას და ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ხელნაწერები არ იწვის"). გრძელვადიან პროტესტს ვინც „მხარს უჭერს", ქოციაო - ნანულები ჯღაოდნენ და ჩერგოა შუაში? ჩერგოს ბრალია, რომ არ დაუჯერეთ და ეს სამარცხვინო ცირკი არ შეწყვიტეთ? სხვა დროს დამიჯერეთ ხოლმე. ეგაა და ეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვანგრევ ოპო ტელეკლოაკებს ? ტელევიზორში მინდა? არა! მკიდია მაგათთან „დაგავარნიაკები". თავისუფალი მედია მინდა, სადაც ნებისმიერი კრიტიკა თავისუფალია, მოქალაქეებს დამოუკიდებლად აზროვნების საშუალებას აძლევს და ოპოზიცია ჯოგად არაა ქცეული", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც სუს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბაჩო ახალაია „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო".
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ბაჩანა ახალაიასთან ერთად დააკავეს ანა ნადარეიშვილი და აღნიშნეს, რომ „მიღებულია გადაწყვეტილება ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე - მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა". როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ანა ნადარეიშვილიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში.
ავტორ(ებ)ი :