26.12.2025 14:37
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.
როგორც ლიპარტელიანმა აღნიშნა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა სწორედ განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის.
„მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს, ჩვენი გუნდის წევრებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დღევანდელ ყრილობას ესწრება. მივესალმები პარტიის პოლიტიკურ საბჭოს და დიდ მადლობას ვუხდი, რომ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინეს. ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. რა თქმა უნდა, მივესალმები ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ჩვენი პარტიისთვის ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის. მინდა დაგპირდეთ, რომ ერთად ძალიან ბევრ მაგარ პროექტს განვახორციელებთ, აქტიურად ჩავერთვებით ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, დღის წესრიგის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი, უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია და გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, „ქართულ ოცნებაში" და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატებას საკუთარი ცოდნის, მონდომებისა და გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ. როდესაც ჩვენ მომავალ თაობებს ექნებათ სტიმული და დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის", - განაცხადა ლიპარტელიანმა.
ლიპარტელიანის თქმით, მმართველ ძალას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია მომავალი თაობების სწორად აღზრდისა და განვითარების კუთხით.
„ნებისმიერი ქვეყნისა და ხალხის უკეთესი ხვალინდელი დღე მომავალი თაობების სწორად აღზრდასა და განვითარებაზეა დამოკიდებული. ამ მხრივ კი ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველ ძალას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს რესურსები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად შევუწყოთ ხელი სწავლასა თუ სპორტულ აქტივობებში, დავეხმაროთ ხელოვნების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი გზის პოვნასა და გამკლავებაში. ხელი შევუწყოთ სტუდენტებს, სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდებს იმისთვის, რომ განვითარდნენ თავად და განავითარონ საკუთარი სამშობლო. ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენი კიდევ ერთი მიზანი ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, პოლიტიკის შემუშავების პროცესში იმგვარი ჩართულობაა, რომელიც ახალგაზრდებს უკეთესად და რაც მთავარია, სწორად განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობას მისცემს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს მსგავსი და, კიდევ უფრო ლამაზი სიტყვებიც ხშირად მოგისმენიათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ესახებოდეს ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება. თუმცა, ჩემი გულწრფელი სურვილია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განვახორციელოთ და ყოველდღიურობაშიც დავნერგოთ. ამ პროცესში კი, ჩვენი გუნდის, უამრავი ახალგაზრდისა თუ გამოცდილი ადამიანის გვერდით დგომას ვგრძნობ, რაც საფუძვლიან იმედს მაძლევს, რომ ერთად დასახული მიზნების განხორციელებას აუცილებლად შევძლებთ. მართლაც სანიმუშოდ ვაქცევთ „ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას, შესაბამისად დავეხმარებით მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას, იცხოვრონ და განვითარდნენ სწორად და ჯანსაღად, გამოადგნენ საკუთარ თავს, ოჯახებსა და სამშობლოს", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში" გაიმართა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს წევრები. ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. ყრილობაზე დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი - მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.
ავტორ(ებ)ი :