26.12.2025 23:39
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების 6 წარმომადგენელი სახელმწიფო ჯილდოებით - ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული პირები პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვა.
„სწორედ ჩვენი პატრიოტი სამხედროების ერთგულება და თავდადებაა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტკიცე ფუნდამენტი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტი. როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და როგორც ამ ქვეყნის შვილი, ღრმა პატივისცემითა და მადლიერებით ქედს ვიხრი მათ მიერ გაწეული ფასდაუდებელი ღვაწლის წინაშე.
ჩვენი სამხედროები პროფესიონალიზმის, დისციპლინის, მორალური სიმტკიცისა და სამშობლოსადმი უპირობო ერთგულების ცოცხალი მაგალითი არიან. მათი პასუხისმგებლობისა და სიმამაცის წყალობით ვცხოვრობთ მშვიდობაში, ვვითარდებით და თავდაჯერებით ვუყურებთ საქართველოს მომავალს.
მათი ღირსება და ვაჟკაცობა არის ქართველი ხალხის გმირული ისტორიის გაგრძელება, იმ ადამიანების ისტორიისა, რომლებიც თავისუფლებასა და სამშობლოს საკუთარ სიცოცხლეზე წინ აყენებდნენ. ქვეყნის ერთგულება და საკუთარი ხალხის სამსახური რჩება ჩვენს უმაღლეს ღირებულებად.
როგორც სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, ეს ჯილდო აღიარებასთან ერთად, სახელმწიფოს მადლიერებაა იმ მძიმე სამსახურისა და ყოველდღიური, უხილავი გმირობისთვის, რომელიც სამხედროების ცხოვრებას თან სდევს.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადაეცათ: საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალს, ბრიგადის გენერალ როლანდ ძნელაძეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძეს.
საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მისი ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადაეცათ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორს, პოლკოვნიკ ირაკლი ჭითანავას, საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარ სერჟანტს გიორგი გოგოჭურს", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ავტორ(ებ)ი :