31.12.2025 20:30
საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - განაცხადა „ქრონიკასთან" წლის შემაჯამებელ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 2025 წლის ბოლოს ბევრად მეტი სტაბილურობაა, ვიდრე იყო 2024 წლის ბოლოს.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო სუვერენიტეტის განმტკიცება, დამოუკიდებლობის და მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. საბოლოო ჯამში ქვეყანა იყო წარმატებული ყველა ამ თვალსაზრისით. ჩვენს გარშემოც ვცდილობთ განვამტკიცოთ მშვიდობა, კონკრეტულად ჩვენს რეგიონში", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წლის მსგავსად, 2026 წელს სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ძალისხმევას არ დააკლებს.
„ამ კუთხით გვქონდა განსაკუთრებული, ვიტყოდი, სპეციფიკური პრობლემები გასული პერიოდის განმავლობაში და წელს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გვეზრუნა კორუფციის აღმოფხვრაზე. რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ძალისხმევას არც მომავალში დავაკლებთ. ჩვენ გამოცხადებული ამბიციური მიზანი, გვინდა რომ ევროპის ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში განათლების რეფორმას ერთ-ერთი საკვანძო როლი ენიჭება.
„განათლების რეფორმას ერთ-ერთი საკვანძო როლი ენიჭება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და ბუნებრივია ამ რეფორმის წარმატებით ბოლომდე მიყვანაც იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რითაც მომავალ წელსაც ვიქნებით დაკავებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძე.
ავტორ(ებ)ი :