ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს - ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად - დავით ქართველიშვილი 04.01.2026 22:11

 

ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი - პოლიტიკის დასაშვებ ფასად, - წერს პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ანალიზისას.

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საერთაშორისო წესრიგი ძალის პოლიტიკამ ჩაანაცვლა და მსოფლიო ახალი, უკიდურესად სახიფათო ფაზის წინაშე დგას, სადაც კონფლიქტები ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

მისი შეფასებით, ილუზია, თითქოს საერთაშორისო კონფლიქტები განცალკევებულ სივრცეებში ვითარდება და ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, საბოლოოდ დაინგრა.

„მოკლედ, მსოფლიო აღარ მიექანება ძალადობისკენ - ის უკვე მის შუაგულშია. ეს არის 2026 წლის „სავიზიტო ბარათი". ილუზია, თითქოს საერთაშორისო კონფლიქტები ერთმანეთისგან განცალკევებულ სივრცეებში ვითარდება და ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, საბოლოოდ დაინგრა.

აშშ, რომელიც ვენესუელაში ძალას იყენებს, რუსეთი, რომელიც ომს აგრძელებს უკრაინაში,და ჩინეთი, რომელიც ტაივანის საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტისთვის ემზადება, სამ განსხვავებულ თამაშს აღარ თამაშობენ. ეს ერთი და იგივე პარტიაა, უბრალოდ სხვადასხვა დაფაზე გათამაშებული.

ახალი ეპოქის ახალი კონტურებია: წესები სავალდებულო აღარ არის მათთვისაც კი, ვინც ისინი თავის დროზე ჩამოაყალიბა. საერთაშორისო სამართალი არ გაუქმებულა, თუმცა რიტორიკად იქცა, რომელიც უკვე შემდგარ ფაქტს ემსახურება. ჯერ ხორციელდება დარტყმა - ქმედება, შემდეგ აიხსნება მისი აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მსჯელობა შედეგებზე. სწორედ ეს ალგორითმია დღეს უნივერსალური.

ვენესუელაში განვითარებული მოვლენები კონკრეტულად ნიკოლას მადუროს ფიგურას არ უკავშირდება - საქმე პრინციპშია. თუ რეჟიმი არასასურველია, ხოლო ქვეყნის რესურსები მნიშვნელოვანი, ლეგიტიმაციის საკითხი ძალით წყდება. ასე მოქმედებდნენ ოდესღაც იმპერიები და ასე მოქმედებენ დღესაც სახელმწიფოები, რომლებმაც რწმენა დაკარგეს „რბილი ზეწოლის" ეფექტურობაში. ვაშინგტონი აჩვენებს, რომ მზად არის სამხედრო ძალა გამოიყენოს გლობალური ინსტიტუტების სანქციის გარეშეც, თუ ეს მის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება და ამით ის კრემლის პოლიტიკის ლოგიკას ემთხვევა.

რუსეთი უკრაინის მიმართულებით იმავე ლოგიკით მოქმედებს, თუმცა განსხვავებული მოტივაციით. აქ ფსონი რეგიონულ გავლენაზე კი არა, უსაფრთხოების მთელი სისტემის თავიდან დალაგებაზეა გაკეთებული. მოსკოვმა წინასწარ გათვლილი ფასის მიუხედავად უკიდურეს კონფლიქტზე წასვლა არჩია, რადგან ალტერნატივად საკუთარი მომავლის ნელი სტრატეგიული დახრჩობა ესახებოდა. უკრაინა ამ განტოლებაში მიზეზი კი არა, სივრცე აღმოჩნდა, სადაც წყდებოდა კითხვა - აქვს თუ არა დასავლეთს უფლება განსაზღვროს რუსეთისთვის დასაშვები საზღვრები.

ჩინეთი ამ პროცესებს ამ ეტაპზე აკვირდება და არ ჩქარობს. პეკინი სწავლობს. ის ხედავს, რომ დასავლეთი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, თუმცა თანაბარ მოწინააღმდეგესთან პირდაპირ შეჯახებას ერიდება. ტაივანი ამ კონტექსტში „დემოკრატიის სიმბოლო" კი არა, დაუმთავრებელი ისტორიული კონფლიქტია, რომლის ძალისმიერი გადაწყვეტის მომენტი ემოციით კი არა, ცივი გათვლით შეირჩევა. რაც უფრო მეტ კრიზისს განიცდიან ერთდროულად შეერთებული შტატები, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობა შესაძლებლობის ფანჯარას გახსნილად ჩათვლის.

ვენესუელასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ერთი რამ აერთიანებს - ძალა კვლავ მთავარ არგუმენტად იქცა, ხოლო სისხლი პოლიტიკის დასაშვებ ფასად. მსოფლიო შედის ეპოქაში, სადაც ბირთვული შეკავება მხოლოდ შიშის ფაქტორი აღარ არის და მოქმედების თავისუფლების ინსტრუმენტად იქცევა მათთვის, ვინც მას ფლობს. ეს არის პერიოდი, როდესაც სუსტი სახელმწიფოები სუბიექტობას კარგავენ და სხვისი გადაწყვეტილებების სივრცედ იქცევიან. იქ, სადაც ადრე ღირებულებებზე მსჯელობდნენ, დღეს რესურსებს, ლოჯისტიკასა და საზოგადოების გამძლეობას ითვალისწინებენ.

ნეიტრალიტეტი აღარ არის კომპრომისი - ის გადარჩენის სტრატეგიად ყალიბდება, ხოლო საერთაშორისო სტრუქტურებისგან გარანტირებული დაცვის ილუზია სულ უფრო სახიფათო გულუბრყვილობად გამოიყურება. საქართველო შედის ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების მეინსტრიმში და მას სჭირდება ისტორიული სიბრძნე თითოეული მომავალი ნაბიჯის გადადგმისას, მათ შორის იმ ბალასტის მოსაშორებლად, რომელიც ქვეყნის სუბიექტურობის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. მთავარი კი ის არის, რომ არ დაგვავიწყდეს - ვისი წილხვდომილი ვართ და ვინ არის ჩვენი მფარველი,"- წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ