დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყვეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ -ვიკა ფილფანი 13.01.2026 14:28

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობის" ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან, - ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

„კიდევ არსებობს „ნაცმოძრაობა?" მეგონა, ბიძინამ უკვე აკრძალა. მგონი, ამ პარტიისგან არაფერი დარჩა, გარდა ბიძინას ხელის კაცისა, მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც საათში ერთხელ წერს პოსტებს ციხიდან. პროპაგანდას თუ რამე დახმარება სჭირდება, მაშინვე მიხეილ სააკაშვილისგან იდება პოსტი პოსტზე და შემდეგ ამაზე იგება მთელი პროპაგანდა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამ პარტიის ფორმალური მმართველი ვინ იქნება, რადგან ვიცით, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მითითებებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. ბოლო წლების განმავლობაში იმდენი სარგებელი „ქართული ოცნებისთვის" არავის მოუტანია, რამდენიც მოუტანა მიხეილ სააკაშვილმა. კითხვაზეც გაგვცენ პასუხი: ჯერ ოთხი წელი სასტუმროში ჰყავდათ, ახლა გადაიყვანეს, ახლა საათში ერთხელ ინტერნეტთან აქვს წვდომა, რანაირად? სხვა პატიმრებს არ აქვთ არაფერი სათქმელი? რა თქმა უნდა, აქვთ, უბრალოდ მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან მას აწყობს. ასე რომ, ახლა ორი სახელი გადანაცვლდება თუ გადმონაცვლდება, გარეთ რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში", ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაინც ყველა იმ მითითებას შეასრულებს, რასაც მიხეილ სააკაშვილი მისცემს, სააკაშვილი კი იმ მითითებას მისცემს მათ, რასაც ბიძინა ივანიშვილი მისცემს", - განაცხადა ფილფანმა.

ფილფანის თქმით, მხარს უჭერს ახალი პარტიების გააქტიურებას და ახალი პარტიების შექმნასაც, სადაც იქნებიან კეთილსინდისიერი ადამიანები, განვითარებული ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რა არის დემოკრატია.

როგორც ფილფანმა აღნიშნა, „დრო მოჭამეს იმ პარტიებმა, რომლებმაც ჯერ 4 ოქტომბერი მოაწყეს, შემდეგ სხვებს შეახოცეს ხელები, ახლა რაღაცას ფაფხურობენ და სხვას ლანძღავენ".

„გავმიჯნოთ ჩვენი პარტია და ჯგუფი „4 ოქტომბრელები". 4 ოქტომბრის მერე საერთაშორისო მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ შემცირდა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან არავის უნდა ისეთი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას ისეთ ზიანს აყენებს, როგორი ზიანიც ამ ადამიანებმა 4 ოქტომბერს მოუტანეს თავიანთი დაუფიქრებლობით, ზოგიერთმა შეგნებულადაც კი. შესაბამისად, მათ ადგილას საერთოდ გავაქტიურდებოდი კი არა, ყოველდღიურად ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის დაჭერილი ხალხი გარეთ გამოსულიყო და მერე დავიხურავდი ქუდს, წავიდოდი სახლში და აღარასდროს გავეკარებოდი პოლიტიკას, ისეთი რამ დამართეს ქვეყანას თავიანთი სიშლეგით. 7 იანვრის მერე კი ველოდებოდით რაღაც ახალ გეგმებს, მაგრამ ჯერ, ეტყობა, გადაიწია ამ გეგმების გამოქვეყნებამ, ველოდებით.

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, სადაც გამოვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს და ტრიბუნას, რომ ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესი დავიცვათ", - განაცხადა ფილფანმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ