13.01.2026 22:37
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირში არსებულ ვითარებასა და რეფორმირების საჭიროებაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ბრიუსელის ბიუროკრატია დიდი ხანია წარმოადგენს განხილვის თემას.
„დიდი ხანია ვწუხვართ იმ განვითარებებზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბრიუსელში და იმ როლზე, რასაც სამწუხაროდ ბიუროკრატია ასრულებს ევროკავშირისთვის და ევროპისთვის. დღეს ამაზე საუბრობს ხმამაღლა აშშ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი, ევროპა იყოს ისეთი, როგორის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო." - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ევროპა, რომელიც გლობალურ პროცესებში აქტიურ როლს ასრულებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვაკვირდებით სწორედ იმ განვითარებებს, რასაც ადგილი აქვს ბრიუსელში, რაც დიდწილად აზიანებს თავად ევროპის ინტერესებს და დღეს, როდესაც ვხედავთ გლობალურ სცენაზე სხვადასხვა მოთამაშეებს, სამწუხაროდ ევროპა ნაკლებად ჩანს, როგორც გლობალური მოთამაშე და ესეც ზუსტად ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულების და მათი საქმიანობის შედეგია." - განაცხადა მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :