22.01.2026 19:18
ყოველთვის მზად ვართ დებატებისთვის ნებისმიერ ძირითად, საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე, როგორებიც არის ეკონომიკური და სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ძირითადი დიდი საკითხები, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ დებატების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხელისუფლება, ექვსი წელია, ემალება ყველა სახის და ყველა ფორმის დემოკრატიულ დებატებს, არაფერი აქვთ სათქმელი არცერთ კრიტიკულ საკითხზე, რომელიც ასე მწვავედ დგას საზოგადოების ცხოვრებაში.
„დებატებთან დაკავშირებული მათგან წამოსული წინადადება არის კომიკური იმ ფონზე, როდესაც ექვსი წელია, რაც გაურბიან დებატებს, დაპატიმრებული ჰყავთ უამრავი პოლიტიკური ოპონენტი, ებრძვიან პარტიებს და აპირებენ პარტიების გაუქმებას. ასეთ ვითარებაში დებატების საკითხზე საუბარი კომიკური და ღიმილის მომგვრელია, რადგან დებატის და კონსტრუქციული დიალოგის მსურველი ხელისუფლება ისე არ მოიქცეოდა, როგორც ეს რეჟიმი იქცევა საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერ ძირითად, საინტერესო, აქტუალურ საკითხზე, როგორებიც არის ეკონომიკური და სოციალური საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ძირითადი დიდი საკითხები, ყოველთვის მზად ვართ სადებატოდ და ყოველთვის მზად ვართ, რომ „ქართული ოცნების" ფარსიკული სპიკერები, რომლებიც პროპაგანდისტული ხაზის მიღმა ვერაფერს ამბობენ, დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე. სწორედ ამიტომ იმალებიან ექვსი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.
„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :