„საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია''- თეა წულუკიანი 23.01.2026 17:46

 

საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა" და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „საია" მალავს იმას, რაც ამ წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა.

„სწორია, რომ სტრასბურგის სასამართლომ „საიასა" და სხვათა საჩივრის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა დაიწყო. მცდარია ის, რომ მათ რაიმე გამარჯვება მოიპოვეს და მცდარია ის, რომ დარჩენილი ნაწილის არსებითი განხილვა დაიწყო. ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის საინტერესოა კითხვების ის ნაწილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სწორედ „საიას" უსვამს. „საიას" ეკითხება სტრასბურგის სასამართლო, არის თუ არა უფლებამოსილი პირი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩივის მის წინაშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია, ვინაიდან საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როდესაც ორგანიზაცია, ან ადამიანი ჩივის არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დარღვევაზე, რასაც კრძალავს სტრასბურგის ევროპული კონვენცია, რომელსაც ეფუძნება სტრასბურგის სასამართლო", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება. ერთ-ერთი მოსარჩელე სტრასბურგის სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ