27.01.2026 13:28
როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა უკრაინის მხრიდან გადატვირთის პოლიტიკა მიდის, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის მიერ საქართველოში ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ომის, მშვიდობისა და პარტნიორობის შესახებ პოზიცია არ შეუცვლია.
„ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, საქართველოს რა პოზიციაც ჰქონდა ომის, მშვიდობის, პარტნიორობის თაობაზე, აბსოლუტურად იგივეა. კიევიდან ყველაზე გვიან სწორედ ჩვენი ელჩი წავიდა, ის ადამიანი ბომბების ქვეშ მუშაობდა. კი ბატონი, ჩვენ პარტნიორობისა და მეგობრობის ფორმატში ვრჩებით. ამას ადრეც ვამბობდით. ზელენსკის ის სიმართლე არ მოეწონა, რომელსაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია. ახლა ელჩი დანიშნა და ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.
ავტორ(ებ)ი :