ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა, ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობოების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ -თენგიზ შარმანაშვილი 29.01.2026 13:46

მარტა კოსმა განაცხადა, რომ ეძებენ გზებს, საქართველოში მოქმედ კანონებს როგორ აუარონ გვერდი და ისე დააფინანსონ სხვადასხვა ორგანიზაცია. ამას არ დავუშვებთ, ეს გუშინ ხმამაღლა ითქვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, უცხოეთიდან შემოსული თანხები საჯარო უნდა იყოს.

„მათ ვინაიდან დააანონსეს, რომ დაფინანსებას უკანონოდ აპირებენ, ჩვენც ზომებს მივიღებთ. საქართველოში ვინც ოპერირებს და მათი საქმიანობა ამ ქვეყანას ეხება, საქართველოში დასახარჯ გრანტზე ნებართვა დასჭირდებათ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. საჭირო არ იქნებოდა ეს ნაბიჯები, თავად რომ თავის არიდების მეთოდოლოგია არ მოეფიქრებინათ. არათუ მოიფიქრეს, არამედ ევროკომისიის მიერ ხმამაღლა დააანონსეს. რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა არ არის. ყველაზე მარტივი კანონი შემოვიღეთ და განვსაზღვრეთ, რომ შემოსავალი 20 პროცენტს თუ აღემატება, დეკლარირება მოეხდინათ. შემდეგ „ფარა" მივიღეთ. არავინ დაუშვებს, რომ საჯარო არ იყოს უცხოეთიდან შემოსული თანხები. თავი მოიკლეს და „ფარაზე" მარტივი კანონის შესრულებაზე უარი თქვეს. რეალობაში ვიცით, რომ ეს ფული რევოლუციურ პროცესებს ხმარდება. არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის გადადგომასა და მთავრობის დაკომპლექტებას ითხოვდნენ. ევროკავშირმა სხვადასხვა გრანტისთვის შვიდი მილიარდი დააანონსა და ახლა ქართული, მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების საზრუნავია, მთავარი ტორტიდან თავისი ნაჭერი როგორ მოიპოვონ", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით".

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი და განაცხადა: „ველოდებით, გადავდგამთ ნაბიჯებს მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს".

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ზუსტდება გრანტების განმარტება. ამავდროულად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ