მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა, თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, ეს ხომ შავი ფულია, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას ემსახურება -გია ვოლსკი 29.01.2026 14:19

მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება და, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო.

„ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როცა ჩვენი ოპონენტები და საერთაშორისო პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა მართონ და ის ჯგუფები დააფინანსონ, რომლებიც ქვეყანაში ამ ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ქვეყანაში რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, თუმცა ახლა საუბრობენ იმაზე, რომ სხვა გზა უნდა მოძებნონ, რათა ეს რესურსი შემოვიდეს და ფული რევოლუციური პროცესის განვითარებას მოხმარდეს. ამის თაობაზე მარტა კოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ თანხას შემოვიტანთ და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნითო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს, რომ ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „არ შემიძლია, მხარი დავუჭირო მთავრობას, რომელიც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებს, გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, მხარს ვუჭერთ მედიას, გთხოვთ, გამაგრდით".

ამასთან, 2025 წლის 18 ნოემბერს მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს, ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ