29.01.2026 17:04
მიმდინარე წლის 29 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, სალიჰ ოზერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
კობა კობალაძემ, სტუმარს, პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია, განვითარების ეტაპები, ადმინისტრაციული მოწყობა, სტრატეგიული გეგმები და მიმდინარე ამოცანები. მან ვრცლად ისაუბრა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც სამსახურს, წლების განმავლობაში TIKA-სთან აკავშირებს; აღნიშნა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებული წარმატებული პროექტები სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერების მხარდასაჭერად; ხაზი გაუსვა მობილური კლინიკის მნიშვნელობას, რომელიც TIKA-ს თანადგომით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს გადაეცა; განსაკუთრებით გამოყო ორგანიზაციის მხარდაჭერით, გასულ წელს, გომბორის მოხალისეთა მოსამზადებელ ცენტრში, თურქი ინსტრუქტორების მიერ ქართველი სპეციალისტებისთვის ჩატარებული ტრენინგები და სამაშველო აჭღურვილობა, რომელიც ცენტრს, თურქულმა მხარემ, საჩუქრად გადასცა. კობა კობალაძემ მადლიერება გამოხატა TIKA-ს ყოფილი ხელმძღვანელების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და გაღრმავდება.
სალიჰ ოზერმა კობა კობალაძეს საინტერესო საუბრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იგი აფასებს ვეტერანთა ღვაწლს ქვეყნის წინაშე და მათი თანადგომა და მხარდაჭერა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალიჰ ოზერმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და ურთიერთობის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო-TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა და უკვე 30 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო-TIKA 2017 წლიდან თანამშრომლობს და არა ერთი პროექტი განახორციელა საქართველოს ვეტერანების მხარდასაჭერად.
ავტორ(ებ)ი :