01.02.2026 16:16
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ჩაერთვებიან საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის.
"ჩვენ ჩავერთვებით ნებისმიერ მუშაობაში, ნებისმიერ პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არსებული ვითარება შემსუბუქდეს და დაიწიოს ფასებმა. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რეალურად შედეგი დაიდოს, თუმცა ფასები პროდუქტებზე არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა ფასები საწვავზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვის სერვისებზე," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც. ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.
ავტორ(ებ)ი :