04.02.2026 18:02
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში". საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა მისი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბრენდან ჰანრაჰანთან.
„მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას და ამაზე საუბარს. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა კონგრესის რომლებისგანაცაა დელეგაცია, მათთანაც გვქონდა საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ბატონი ლაშა დარსალიას ვიზიტიც ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია, საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვარ ურთიერთობები გადავტვირთოთ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე შეაფასა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში რეგულარულად ერევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მხრივ თბილისისა და ვაშინგტონის პოზიციების თანხვედრას.
„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კრიტიკა, რაც საქართველოს მიმართ ისმოდა წლების განმავლობაში, დადასტურებულად არასამართლიანი გახლდათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი ასეთ საკითხებზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გვექნებოდა საუბრები. საქართველო არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რაზეც დღეს შეერთებულ შტატებში საუბრობენ. შეიძლება ითქვას, საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ რა შედეგები შეიძლება მიიღო, როდესაც ასე უხეშად ერევი სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ასეთი ჩარევები იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიას ხელი შეუწყოს, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებს", - განმარტა მინისტრმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში". ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში".
ავტორ(ებ)ი :