04.02.2026 19:00
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებებს. კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრს.
„ადვოკატის დამოუკიდებლობა გათვალისწინებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ნებისმიერი ჩარევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. შემოთავაზებული ცვლილება გულისხმობს დაწესებულების, ანუ სერვისის მიმწოდებლის ხელმძღვანელის დანიშვნას კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ავტორ(ებ)ი :