რაღაც თემა ტაბუირებული უნდა იყოს და ამაზე აზრის გამოთქმაც კი დანაშაულად ითვლება, იგივეა, რაზეც აშშ-ის კონგრესის კომიტეტის ანგარიშშია საუბარი -ირაკლი ქადაგიშვილი 05.02.2026 16:11

დებატები უნდა იყოს თუ არა ევროპულ კურსზე, ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის პოზიციაა. დებატები კი, იმისთვის არსებობს, რომ ყველა საკითხზე, რომელიც შეიძლება, დებატების რომელიმე მხარისთვის იყოს საინტერესო, მსჯელობა გაიმართოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, დებატები განსხვავებულ აზრთა ჭიდილს გულისხმობს.

„ევროპულ კურსის შესახებ საკითხი თუ რომელიმე დებატის ფორმატში იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ. რაღაც თემა ტაბუირებული უნდა იყოს და ამაზე აზრის გამოთქმაც კი დანაშაულად ითვლება, იგივეა, რაზეც აშშ-ის კონგრესის შუალედური ანგარიშშია საუბარი, რომ არ შეიძლება არსებობდეს თემები, რომლებიც აშკარად ადამიანის უფლებებისა და ომის პროპაგანდის თემებია და არ შეიძლება, ამაზე დებატები ღიად მიმდინარეობდეს. დებატები ყველაფერზე შეიძლება იყოს, რაც აქტუალური, მნიშვნელოვანია და ყველამ თავისი პოზიცია დააფიქსიროს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლით როდესაც არის განსაზღვრული ევროკავშირში ინტეგრაცია, რატომ არის საჭირო ამ საკითხზე დებატების გამართვა, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი თუ აქვს ამასთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმის ან შეპასუხების უფლება არ აქვს.

„78-ე მუხლში რაც წერია, სწორად უნდა წავიკითხოთ. ეს ის მუხლია, რომელიც ამბობს, რომ ვინაიდან ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს, ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური გავაკეთოთ, მაგრამ 78-ე მუხლში და კონსტიტუციის არცერთ მუხლში არ წერია, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი თუ აქვს ამასთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმის ან შეპასუხების უფლება არ აქვს. ამას ერთმანეთში ნუ ავურევთ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, კითხვას იმის შესახებ, რომ ვინმეს თუ აქვს პოზიცია, რომ საქართველო რუსეთისკენ უნდა წავიდეს, ამაზეც უნდა გაიმართოს თუ არა დებატები, ქადაგიშვილმა უპასუხა: „უტრირებაში ნუ გადავალთ. იდეოლოგიურ კლიშეში გადავდივართ. რას ეძახით, წახვალ რუსეთისკენ? სად წაიკითხეთ ან მმართველი პარტიის რომელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მოისმინეთ, რომ ჩვენი კურსია და მივდივართ რუსეთისკენ? უცბად ერთმა პარტიამ თავისი აზრი თქვა და მაშინვე პოლიტიკურ დილემას მიყენებთ, მან ეს აზრი თუ თქვა, ნიშნავს, რომ თქვენ რუსეთისკენ მოდიხართო. ჯერ მან თქვას თავისი აზრი დებატებზე და ჩემს პასუხს გავცემ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ