08.02.2026 22:52
განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, მაგალითად - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, გამოდიან უბრალოდ ზეპირი განცხადებებით, ზოგადი განცხადებებით, რომ ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება და ა.შ. ასეთი ტერმინები გვესმის, მაგრამ არავის არც ერთხელ არც კი უცდია ესაუბრა იმაზე, თუ რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა თემაზე ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს ჯანსაღი დისკუსიის კულტურა.
„საერთოდ არც კი უცდიათ შინაარსში შესვლა და ეს უნდა შევცვალოთ. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს განათლება, ფასების თემა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციის საკითხები, პოლიტიკური თემები, ყველა თემაზე ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც აქამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი ჩვენს საზოგადოებაში. ამის გაკეთება შესაძლებელია და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად წავახალისებთ ამ პროცესს. განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, მეც სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ. ზოგი, შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი - არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში, თუ მედიაში, ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან,"- განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :