09.02.2026 19:29
სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპელი ბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ" საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის დაწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირმა მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და შეიცვალა დამოკიდებულება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მიმართ.
„როდესაც ევროკავშირში იწერება ხოლმე ობიექტური შეფასებები, ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტები დგება, იქ ყველაფერი ისეა ხოლმე ასახული, როგორც ეს არის სინამდვილეში. ამის საპირწონედ ხშირად არის უხეში პოლიტიკური განცხადებები, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან. ეს არის მორიგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხედავს ობიექტური მკვლევარი საქართველოში შექმნილ ვითარებას. რაც შეეხება ევროკავშირს, მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და ამ ფონზე შეიცვალა ევროკავშირის დამოკიდებულება, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მიმართ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ევროპელი ბიუროკრატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ" საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის დაწყება. ამ მცირე გადახვევით ორმაგ სტანდარტებზე მსურს ხაზგასმა. ორმაგი სტანდარტები არის სერიოზული პრობლემა დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით ევროკავშირი დაძლევს თავის პრობლემებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :