11.02.2026 20:57
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუებსა და განცხადებებში ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებით ახალი პოზიციის გამოთქმა დაიწყო. რუსეთი ამტკიცებს, რომ მზადაა დაიცვას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ალასკაში შეხვედრის დროს მიღწეული შეთანხმებები. რუსეთი არ არის კმაყოფილი ევროპელების მონაწილეობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხშირად ახსებეს ე.წ. „ანკორიჯის სულისკვეთებას". ეს დიპლომატიური ფორმულირება მალავს იმ ფაქტს, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ალასკაში არანაირი ფორმალური შეთანხმება არ გაფორმებულა. მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „გარიგება არ შედგა". ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების დროს აზრთა გაცვლა მოხდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ანკორიჯის სულისკვეთებაზე" საუბარით, რუსეთი ფაქტობრივად აუქმებს მთელ მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და ფსონებს ზრდის. ბუდაპეშტში ტრამპ-პუტინის სამიტის ჩაშლის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იმყოფებოდა. რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელი იყო კირილ დმიტრიევი, რომელიც რუსეთის ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს. თუმცა, რუსმა „ქორებმა" კვლავ მოიპოვეს უპირატესობა რუსეთის ხელმძღვანელობაში. ეს გამოწვეულია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში წარუმატებლობით:
პირველი, ნიკოლას მადუროს გატაცების შემდეგ, რუსეთმა დაკარგა ლათინურ ამერიკაში მთავარი გეოპოლიტიკური მოკავშირე - ვენესუელა.
მეორე, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დაკავება ზრდის რისკებს რუსი ნავთობის მყიდველებისთვის, რაც იწვევს რუსული ნავთობის ექსპორტის შემცირებას.
მესამე, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე, ირანი, შეერთებული შტატების სამხედრო დარტყმის საფრთხის ქვეშაა.
მეოთხე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ.ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში, რომლის დროსაც ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებებს ენერგეტიკის სფეროში, „ტრამპის მარშრუტზე" და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სფეროებში ინვესტიციების შესახებ, აძლიერებს ამერიკის პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში და მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის გავლენას რეგიონში.
მეხუთე, ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. ევროპას შეეძლება დანიის სრუტის გავლით ბალტიის ზღვის მარშრუტის რუსეთისთვის ჩაკეტვა. სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის გავლენის გაზრდამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას რუსეთს შავი ზღვის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი გეგმავს აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის საკუთრებაში არსებული ქართული ნავთობპორტის, ყულევის, მე-20 სანქციების პაკეტში ჩართვას, მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი და აშშ ცდილობენ გააძლიერონ კონტროლი შავი ზღვის აუზის სატრანსპორტო მარშრუტებზე.
მეექვსე, ინდოეთი დათანხმდა აშშ-სთან შეთანხმებას რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ინდოეთი ჩინეთის შემდეგ რუსული ნავთობის მეორე მყიდველია. ინდოეთმა წარმატებით გამოიყენა რუსული ნავთობის შესყიდვები ევროკავშირთან და აშშ-სთან ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმებებისათვის. რუსეთის ენერგეტიკული სექტორისა და სახელმწიფო ბიუჯეტისთვის, ინდოეთის შეთანხმება დონალდ ტრამპთან მოულოდნელი და ძლიერი დარტყმა არის.
მეშვიდე, დონალდ ტრამპმა უარი თქვა New START ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რაც შეიარაღების ახალი რბოლის დასაწყისს ნიშნავს. ბირთვული შეიარაღების რბოლა ძალიან ძვირია და რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია. ფაქტიურად, დონალდ ტრამპი იმეორებს რონალდ რეიგანის პოლიტიკას, რომელმაც საბჭოთა კავშირი გააკოტრა „ვარსკვლავური ომების" პროგრამით. დონალდ ტრამპი ამ პოლიტიკურ ნაბიჯს იმეორებს „ოქროს გუმბათის" პროექტით - ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო ფარით.
მერვე, რუსეთისთვის Starlink სისტემის გამორთვა რუსეთის დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვის ერთ-ერთი მაგალითია. ახალი სანქციები მიმართული იქნება რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის დასავლური წარმოების კომპონენტების „ჩრდილოვანი" მიწოდების კონტროლის გამკაცრებაზე.
რუსეთს არ აქვს საშუალება, ადეკვატურად უპასუხოს ყველა ამ გეოპოლიტიკურ დარტყმას. რუსეთი „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის" მდგომარეობაში აღმოჩნდება, პუტინის გარემოცვაში მყოფი „ქორები" კვლავ უპირატესობაში არიან ვიდრე დასავლეთთან შეთანხმებების მომხრეები.
„ქორების" აქტიურობაზე მიუთითებს რუსეთის ახალი შიდა პოლიტიკური ინიციატივები. WhatsApp მესენჯერის დაბლოკვის მცდელობის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიწყო Telegram მესენჯერის დაბლოკვა. Telegram-ი ძალიან პოპულარულია რუსეთში. დამოუკიდებელი მედიის არარსებობის პირობებში, რუსებს აქვთ წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე Telegram არხების საშუალებით. კრემლი მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ხელისუფლებას და, როგორც საბჭოთა პერიოდში, ცდილობს ქვეყნის მოსახლეობის სრულად იზოლირებას ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებისგან.
დონალდ ტრამპისთვის პრიორიტეტი არა უკრაინაში ომის დასრულება, არამედ სავაჭრო გზებისა და ნავთობის ბაზრის კონტროლია. სანამ რუსეთი უკრაინის ომშია გაჭედილი, ამერიკა უფრო აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს წყვეტს. ამიტომ, დონალდ ტრამპი ერთი ხელით გააგრძელებს „სამშვიდობო ძალისხმევას", მეორეთი კი გააძლიერებს აშშ-ს პოზიციას გლობალურ არენაზე.
ავტ; ავთანდილ წულაძე - პოლიტიკის ანალიტიკოსი
ავტორ(ებ)ი :