ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად 14.02.2026 23:05

 

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.

„რაც შეეხება კვლევის მასშტაბს, გამსხვილებული სპეციალობების მიხედვით ჩატარდა კვლევა. დაახლოებით 40 ერთეული იყო, ალბათ. მაგალითად, სამართალი იყო ერთი მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი იყო ჩაშლილი მეორე მიმართულებაში.  ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში, ეს იყო მთავარი ამოცანა. რატომ იყო საჭირო, ეს რომ განვიხილოთ. აქ აღინიშნა, რომ ადრე თვითონ საზღვრავდნენ დამოუკიდებლად, მთლიანად უნივერსიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტები, თავიანთ კვოტებს და რაოდენობებს. პრობლემა ამაში იყო ზუსტად, ამიტომ მივიღეთ ჩვენ  3 600 იურისტი, როდესაც გვჭირდება 700 და 2 900 ჩარიცხულ სტუდენტს ვწირავთ იმისათვის, რომ დიპლომს ვერ გამოიყენებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქალაქე, ახალგაზრდა არ გაწიროს იმისათვის, რომ მიიღებს 4-წლიან თუ 6-წლიან განათლებას და მერე დარჩება უსარგებლო დიპლომის პირობებში. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის ანალიზი მოიცავდა გამსხვილებულ სპეციალობებს, ასე ვერ ჩაღრმავდებოდა, ბუნებრივია. თუ რაიმე ხარვეზი გაიპარა, ეს შეიძლება მომხდარიყო უშუალოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადების დროს, რაც ნორმალური ამბავია, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო. მზად ვართ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ სადმე არის ხარვეზი, სადმე არის მოსამატებელი, შესამცირებელი. აქ არ ვსაუბრობ ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, ვსაუბრობ კონკრეტულ სპეციალობებზე. თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის მიღება, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ თითოეულ ასეთ პუნქტთან დაკავშირებით განვიხილოთ ხარვეზი, გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ღიაობა, რაც კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო.

რაც შეეხება მეცნიერებას. ერთი კონკრეტული მიმართულება ეძღვნება კონცეფციაში მეცნიერების მიმართულებას. აქაც ძალიან სერიოზული გამოწვევებია. შეგვიძლია, ერთად ავიღოთ სადოქტორო დისერტაციები, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაცული, შეგვიძლია, საერთაშორისო ექსპერტები მოვიყვანოთ და ვნახოთ, რამდენი პროცენტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგონია, რომ 10%-იანიც არ იქნება მაჩვენებელი. ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერის მიმართულების გაძლიერება და მეცნიერების მეტი ინტეგრაციის უზრუნველყოფა საუნივერსიტეტო სისტემასთან და სწავლების სისტემასთან, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ცალკე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში.

რაც შეეხება ბაკალავრიატი-მაგისტრატურის  თანაფარდობას, საერთო თანაფარდობა, რამდენადაც ვიცი, არსებითად არ შეცვლილა. თანაფარდობა საერთო იგივეა, შეიძლება, კონკრეტული სპეციალობების მიხედვით იყოს გადახრები, მაგრამ საერთო თანაფარდობა შეესატყვისება იმ თანაფარდობას, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული. ვგულისხმობ, საერთო თანაფარდობას. თქვენ გვითხარით, რომ ჩვენ შევცვალეთ თითქოს თანაფარდობა და გეუბნებით, რომ არ შეგვიცვლია. საერთო თანაფარდობა დარჩა იგივე, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, არსებითად გათვალისწინებული იქნა ამ სამართლებრივი აქტის მომზადების დროს ის თანაფარდობები, რომლებიც მანამდე იყო. სადმე რაიმე თუ შეიცვალა, ან თუ სადმე რამე ხარვეზს ხედავთ, აქაც, მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ და გავასწოროთ.

შრომის ბაზრის ანალიზს რაც შეეხება, გამსხვილებული სპეციალობები სერიოზული და არსებითი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოფხვრას, გამოსწორებას ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა მიმართა საზოგადოებას, წარადგინონ თავიანთი არგუმენტები მთავრობის მიერ ინიცირებულ რეფორმასთან დაკავშირებით.

„სადაც არ უნდა წახვიდეთ, საჯარო თუ კერძო სექტორში, ყველგან არის სპეციალისტების პრობლემა. როდესაც ბიზნეს ასოციაცია ატარებს ხოლმე თავის პრეზენტაციებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე წელია, სამეულში სახელდება ორი პრობლემა - ერთი, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე, კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. ეს ეხება ყველა სფეროს. იურისტების დეფიციტია. 3 600 აბარებს, 700 გვჭირდება და დეფიციტი გვაქვს. იგივე ეხება ეკონომიკას, ბიზნესის ადმინისტრირებას. გვაქვს სერიოზული პრობლემები ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით. გვაქვს პრობლემები ტექნიკურ სფეროში. ტექნიკურში აქამდე თვითონ განსაზღვრავდნენ უნივერსიტეტები რამდენი უნდა ჩარიცხულიყო. რომ აიღოთ თანაფარდობა, ალბათ 10%-ია ტექნიკური მიმართულებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა. განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ია. ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, ახალგაზრდებში იყო მაღალი მოთხოვნა ბიზნესზე და სამართალზე და შესაბამისად, გაივსო ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტები იურისტებით, ბიზნესით და ერთგვარი გერი გახდა საკუთარ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება.

მოთხოვნა არის მშენებლებზე, ინჟინრებზე, საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის. აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას. ჩვენ წარვადგინეთ ამის კონცეფცია - 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. ჩვენი თხოვნაა საზოგადოების მიმართ, ჩვენ განვსაზღვრეთ 7 გამოწვევა, 7 ამოცანა. არავინ არ არის შეუმცდარი. იქნებ ვცდებით. გვითხარით არგუმენტები, ალტერნატივა, ეს არის ჩვენი თხოვნა, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არცერთ პუნქტთან დაკავშირებით არგუმენტები არ გვესმოდა", - განაცხადა პრემიერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ