"ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტი, ფინანსური საკითხები უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩვენ რაზეც გვაკრიტიკებდნენ, ამაზე ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები-პრემიერი 19.02.2026 19:16

„ენჯეო" არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი, აქედან გამომდინარე, „ენჯეოებთან" დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, მაიკ ბენცის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რაზეც აკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები.

„ძალიან აინტერესო პროცესებია დაწყებული. „ენჯეო", ზოგადად, არის უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის პოლიტიკური ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, „ენჯეოებთან" დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე, რაც ჩვენთან უზრუნველყოფილია და მნიშვნელოვანია ამის უზრუნველყოფა ევროკავშირის მასშტაბითაც. ამისათვის შეიქმნა „ენჯეო", როგორც ფენომენი და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის სათანადო დარეგულირება. ქვეყნის შიგნით არ უნდა შემოდიოდეს ქვეყნის გარედან ფინანსები პოლიტიკის დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავის დროზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „ენჯეოების" დაფინანსების თაობაზე. აქ სწორი მინიშნებაა, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ამასთან დაკავშირებით ახლა აქტიურად მსჯელობენ ევროპის ქვეყნები, ევროკავშირში. ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია ასეთი კანონმდებლობის არსებობა. არავინ არ უნდა ჩაერიოს სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში", - აღნიშნა პრემიერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკ ბენცმა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოსა და უნგრეთს „რუსული კანონის" ბრალდება წაუყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნებმა დაფინანსების გამჭვირვალობის კანონი მიიღეს.

მაიკ ბენცმა ევროპაში სიტყვის თავისუფლების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა ევროპაში თავისუფალი სიტყვის ინიციატივას უჭერს მხარს. მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება ევროპაში მთელი საუკუნის განმავლობაში უდავო ღირებულება იყო, მაგრამ ბოლო ათ წელიწადში დაფინანსება არა სიტყვის თავისუფლებას, არამედ ცენზურას ემსახურებოდა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ