21.02.2026 00:08
საქართველოს ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პროკურატურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და დარწმუნებულია, რომ საქმე შეთხზულია „უცხოელი პატრონების" ბრძანებით. ამის შესახებ ფარცხალაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მდევნიან შეთხზული დანაშაულით, იმისთვის, რაც არ ჩამიდენია, ცდილობენ, ჩამომართვან ისტორიული სამშობლო. საერთაშორისო კრიმინალურმა საზოგადოებებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად ადასტურებს არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, გავწირო სიცოცხლე, ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის.
დროა, უკან მოვიტოვოთ ჩვენი ხალხის მტრების მიერ შექმნილი წარსული წყენა და წინ წავიწიოთ. ქართველმა ხალხმა უნდა გაახილოს თვალები და გაიგოს, ვინ მოქმედებს მათ ინტერესებში და ვინ ხლართავს ინტრიგებს, ემსახურება უცხო პატრონებს, ანგრევს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესს და ერთიანობას. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, ტრადიციები და რწმენა", - აცხადებს ფარცხალაძე.
როგორც ფარცხალაძე ამბობს, საკუთარ ძალისხმევას მიუძღვნის ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებას.
„გრძელი და სახიფათო გზა გავიარე ჩემი სამშობლოს, საქართველოსთვის მსახურების სახელით. დღეს კი, ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, სადაც ვიცი, ახალი ეტაპი დაიწყება მოძმე ერებს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. დროში, სადაც ძველმა ჭრილობებმა ჯერ ვერ მოასწრო სათანადოდ შეხორცება, ცხოვრება კი უკვე ახალ გამოწვევებს გვიმზადებს.
და, როგორც ჩვენივე შეცდომებიდან და ჩვენი უახლოესი მეზობლების შეცდომებიდან ვნახეთ, მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს:
პირველი ვარიანტია, ვუღალატოთ ჩვენს ისტორიას, რწმენას, მეგობრებსა და ძმებს, უარი ვთქვათ იმ მცირედზე, რაც გვაქვს თავისუფლების ილუზიისთვის. თავისუფლება მორალისგან და ჩვენი ტრადიციებისგან. თავისუფლება მამაკაცების ვალდებულებისგან - იყვნენ დამცველები და ქალების ვალდებულებისგან იყვნენ - დედები.
მეორე, კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რომელიც ჩვენს ხალხს კეთილდღეობისკენ წაიყვანს. მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს.
ჩვენი ისტორია სავსეა ტრაგიკული მომენტებითა და გმირობებით. ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ დაიღუპა 400 000-ზე მეტი ქართველი დიდ სამამულო ომში, წითელ არმიასთან ერთად იბრძოდა ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისა და სიამაყისთვის, გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ. ეს გმირული საქმეები აძლიერებს ჩვენს კავშირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ხალხთან, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ისტორიის ეს საშინელი გვერდები.
მე მთელ ჩემს ძალისხმევას მივუძღვნი ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებას, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე", - აცხადებს ფარცხალაძე.
ავტორ(ებ)ი :