შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, გამოიკითხა 12 500 საწარმო, ასევე ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე -ირაკლი კობახიძე 24.02.2026 13:46

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.

„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იმით იყო განსხვავებული, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნესასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად ორი დამსაქმებელი - კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რათა კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო. მინდა, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორებიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.

„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა. აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომლის 153 ინტერვიუერი ჩართული იყო კვლევის პროცესში.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49% არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში. ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში.

ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსდამთავრებულ სტუდენტთა ბოლო ხუთი წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ