24.02.2026 14:53
ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ეს ომი დიდი გამოწვევაა - ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების" სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი. აქამდე ამას ვახერხებდით, არც ახლა უნდა გავჩერდეთ,- ამის შესახებ „დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელსაც პარტია „დროა" აქვეყნებს.
ელენე ხოშტარია უკრაინაში რუსეთის ომის 4 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დასანქცირება ძალიან პატარა ფასია, რისი გადახდაც ქართულ ოცნებას" ამისთვის მოუწევს.
„24 თებერვალი არის XXI საუკუნის განმსაზღვრელი თარიღი. დღე, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ღირსებამ, ქვეყნის სიყვარულმა, მორალურმა ძალამ დაიწყო ბოროტების, დიქტატურის, უღირსობის დამარცხება. უკრაინელი ხალხი დიდი ტკივილით და გამძლეობით წინ აღუდგა ცინიზმს, არაადამიანობას და განუკითხაობას. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს! ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის ეს ომი დიდი გამოწვევაა - ჩვენი ჩამოსარეცხია „რუსული ოცნების" სისასტიკე, არაადამიანობა, სირცხვილი და ქვეყნის ინტერესების ღალატი. აქამდე ამას ვახერხებდით, არც ახლა უნდა გავჩერდეთ. დიდი ტვირთი იქნება ჩვენთვის ფაქტი, რომ სისხლიან ტერორისტულ რეჟიმს ქართველი მოღალატეები ეხმარებოდნენ, რომ ბუჩაში წასვლაზე თქვეს უარი, რომ ზელენსკის ლანძღავენ, რომ უკრაინელი დევნილები გამოყარეს სასტუმროებიდან, რომ ხალხის, ბავშვების მკვლელობით ხეირობენ. ძალიან მძიმეა ამის გააზრება, მაგრამ სიმძიმეზე მეტად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ დავამარცხოთ ეს ბოროტი ძალა - ბოროტი არაქართული, უღირსი ძალა. დასანქცირება ძალიან პატარა ფასია, რისი გადახდაც მოგიწევთ ამისთვის!
უკრაინამ შეცვალა მსოფლიო და ბევრი ახალი შესაძლებლობა მოიტანა თავისუფლებისა და სამართლიანობის მოპოვებისთვის. აქ პარაზიტირება კიდევ ერთი დანაშაულია, ამიტომ საზოგადოებამ, ოპოზიციამ უნდა ვიტვირთოთ სწორი და აქტიური როლი ახალი მსოფლიო წესრიგისა და რეგიონში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაში. ამ დღეს არ შემიძლია, უდიდესი პატივისცემა არ გამოვხატო ქართველი მეომრების მიმართ. ასევე დიდი მადლობა სოფო ჭყონიას, ნინო ქათამაძეს, ნიკოლოზ რაჭველს. დიდი მადლობა სოფო ჩიქოვანს და დავით კეზერაშვილს უკრაინელი დევნილების უდიდესი დახმარებისთვის, ყველა ბიზნესმენს და მოქალაქეს, ვინც იმ მძიმე წელიწადს თუნდაც ლარი გაიღო მათთვის, უმასპინძლა და იზრუნა. დიდება გმირებს! Слава Україні! |",-წერს ელენე ხოშტარია წერილში.
ავტორ(ებ)ი :