,,ომი უკრაინაში: ოთხი წლის შედეგები და დასრულების პერსპექტივები'' - ავთანდილ წულაძე 24.02.2026 20:17

 

 

 

უკრაინაში ომის მეოთხე წლისთავი გლობალურ მედიაში მრავალი პუბლიკაციის თემა გახდა. პოლიტიკოსები და ექსპერტები ცდილობენ, გაჭიანურებული კონფლიქტიდან დასკვნები გამოიტანონ და პროგნოზები გააკეთონ.

უკრაინაში ომის პირველ წლებში შეერთებული შტატები და ევროპული ქვეყნები თვლიდნენ, რომ ეს არის ლოკალური კონფლიქტი, რომელიც მნიშვნელოვნად არ იმოქმედეს არსებულ მსოფლიო წესრიგზე. თუმცა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის განხეთქილება დაიწყო. ტრამპი უკრაინაში ომს თავისი ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ ბერკეტად იყენებს, აიძულებს მათ მეტი დახარჯონ საკუთარ თავდაცვაზე და დადონ შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი სავაჭრო გარიგებები.

რუსეთი და უკრაინა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს განიცდიან, ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურა ომის დროს ნადგურდება, ხოლო ფრონტზე დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი იზრდება. თუმცა, ომის მზარდი ხარჯების მიუხედავად, კონფლიქტის ორივე მხარე აჩვენებს მზადყოფნას, გააგრძელოს ბრძოლა თავისი მიზნების მისაღწევად.

დასავლელი ანალიტიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პუტინის მთავარი მიზანი ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული გავლენის აღდგენაა. შესაძლოა, ეს მიზანი პუტინს ომის დასაწყისში  ჰქონდა. ოთხი წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. რუსეთი ნავთობის შემოსავლების შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდში შევიდა. გასულ წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 8 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს უდრის. წელს ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდება. რუსეთის რეგიონებისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მსხვილი კომპანიების ვალებიც იზრდება. რუსეთს ომამდეც ჰქონდა დემოგრაფიული კრიზისი და ახლა ის მწვავდება. ეკონომიკაში მუშახელის დეფიციტია და სამხედრო კონტრაქტების ხელმოწერის მსურველები ნაკლებია ვიდრე ომის დასაწყისში.

არსებულ სიტუაციაში რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი მიზანი არა საბჭოთა კავშირის აღდგენა, არამედ ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა. პუტინს არ შეუძლია აღიაროს, რომ მის მიერ დასახული მიზნები მიუღწეველია, რადგან ის დაკარგავს ავტორიტეტს ელიტასა და მოსახლეობაში. მან პირობა დადო, რომ გაიმეორებდა წინაპრების ღვაწლს, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მოიპოვეს. მაგრამ კიევში რუსული ჯარების აღლუმის ნაცვლად, რუსეთი დონბასის აღებას ცდილობს.

თავისი ავტორიტეტის შენარჩუნების გარდა, პუტინს სანქციების მოხსნა და ევროპის ენერგეტიკული ბაზრის დაბრუნება სჭირდება. ომამდე ეს რუსეთის ეკონომიკისთვის ჭარბი მოგების მთავარი წყარო იყო. ჩინეთი ნავთობს და გაზს დიდი ფასდაკლებით ყიდულობს. ინდოეთი ამცირებს რუსული ნავთობის შესყიდვებს. რუსეთის ქვანახშირის ინდუსტრია ევროპული ბაზრის გარეშე წამგებიანი გახდა.

თუმცა, ევროპა მზად არ არის რუსეთის დასაბრუნებლად ევროპულ ბაზარზე. ევროპელები რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევენ და მოსკოვის მუქარას ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში შეჭრის შესახებ სერიოზულად აღიქვამენ. ევროპელები არ დათანხმდებიან პოტენციური აგრესორის ეკონომიკაში ფულის ჩადებას, თუნდაც აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლის გამო.

ამჟამინდელ სიტუაციაში ჩინეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ოთხი წლის ომის შემდეგ ჩინეთმა რუსეთი დამოკიდებული გახადა და გააძლიერა თავისი პოზიციები მოსკოვის ყოფილ გავლენის ზონებში. აშშ-სა და ევროკავშირს შორის განხეთქილება ჩინეთის სტრატეგიულ გეგმებს შეესაბამება. დავოსის ფორუმზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ მხარდაჭერა გამოხატა მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის იდეის მიმართ: „გასული წლის დასაწყისში აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგის დაწყების შემდეგ, როგორც ჩანს, ევროპა განზე აღმოჩნდა. რადგან კონფლიქტი ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ევროპას აქვს უფლება და უნდა მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში. ევროპა არ უნდა იყოს „მენიუში", არამედ „მაგიდასთან".

https://russian.xinhuanet.com/20260215/2c96bd934f154615a107afd50dcb3ff1/c.html   ჩინეთის გაზრდილი ჩართულობა მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა მიუთითებდეს ჩინეთსა და ევროპას შორის პოზიციების დაახლოების დასაწყისზე აშშ-ს ევროპაზე ზეწოლის ფონზე. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი ირანით, ვენესუელითა და კუბით არის დაკავებული, ჩინეთი ცდილობს ისარგებლოს სიტუაციით და გააძლიეროს თავისი პოზიციები ევრაზიის კონტინენტზე. ჩინეთის გავლენა რუსეთის ხელმძღვანელობაზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატების. ამიტომ, უკრაინაში ომის დასრულების რეალური სცენარის რეალიზება შესაძლებელია ჩინეთისა და ევროკავშირის მონაწილეობით.

 

ავტ: ავთანდილ წულაძე - პოლიტიკის ანალიტიკოსი

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ