26.02.2026 15:25
ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოზე ანგარიშის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან, ტყუილების გარდა, არაფერს უნდა ველოდოთ".
„მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, დაქალის სურვილებს ვისმენთ, რომ საქართველო დააზიანოს. მოცემულობას დაუკვირდით - ევროპარლამენტში იმ ადამიანს ავალია საქართველოს თაობაზე მდგომარეობის შეფასება და ანგარიშის მომზადება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტთან, დამნაშავე ადამიანთან, სააკაშვილთან, რომელიც დემენციისგან სასწაულებრივად განიკურნა. მსოფლიო მედიცინაში მსგავსი რამ არ მომხდარა. როგორ შეიძლება, რასა იუკნევიჩიანეს ობიექტურობა მოსთხოვო? ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე „ნაცმოძრაობის" დღის წესრიგსა და სოუსშია გადამხტარი. ჩვეულებრივი „ნაცია", ოღონდ არაქართული წარმოშობის. ამ ადამიანმა საქართველოს თაობაზე ობიექტური შეფასება როგორ უნდა გააკეთოს? მას საქართველო ძალიან არ უყვარს. ქართველთმოძულე, არაობიექტური, ორმაგი სტანდარტის მქონე ევროპარლამენტარებისგან, ტყუილების გარდა, არაფერს უნდა ველოდოთ. გახსოვთ, რეზოლუციებში რა სისულელეებს წერდნენ, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. რატომ? არავინ იცის. თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარი ყოფილა და საქართველოში არაჟნის კონტეინერით ჩვენ შემოგვიყვანია. იმას ითხოვენ, რაც ტყუილია. არანაირი ფასი არ აქვს იმ დოკუმენტს, რომელსაც სიმართლის ნიშანწყალი არ აჩნია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :