28.02.2026 22:50
გამახსენდა ვაჟა-ფშაველა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", ასე რომ თქვენ სატრაბახო ნამდვილად გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „კურდღლების ფერმის დაჭერის" მცდელობა იყო.
„ეს იყო დაახლოებით ისეთივე ნაბიჯი, როგორიც 2024 წლის არჩევნებზე რეაგირება - ხალხმა აირჩია, იმათმა არ აღიარეს. ტელევიზია ყველაზე კარგი ინდიკატორია იმის, ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ვის და რას ემხრობა. აი, ამ საკითხმა იმოქმედა უარყოფითად და ეცადნენ აჩვენონ ხალხს, რომ თავად ამას არ ემხრობიან. ხალხის აზრის შეცვლის იმედი ჰქონდა პუტინს, როცა ჩავიდა აფხაზეთში და თავის კანდიდატს ჩამოართვა ხელი. იგივე სტილის მოქმედება ინგლისის მხრიდან ესაა გულს რომ გაგიწურავს, ვაის გავექეცი და უის შევეყარეო", - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ პატარა ბავშვმაც კი იცის, რომელ ქვეყანას აწყობს დღეს საქართველოში არეულობა.
„პატარა ბავშვიც რომ გააჩერო და ჰკითხო, რომელ ქვეყანას აწყობს არეულობა საქართველოში, დარწმუნებული ვარ უმრავლესობა იტყვის რუსეთს. ეს ნაბიჯები, რაც არის გადადგმული, მიმართულია საქართველოში არეულობისკენ, ყველა არის მიმართული, რომ ეს სატრანზიტო ხაზი გაფუჭდეს, რაც ვის აწყობს? ერთადერთი ქვეყანა ეს არის რუსეთი, იმისთვის, რომ ჩინეთი არ შემოვიდეს ამ ხაზზე. ძალიან ვერაგი რამ არის პოლიტიკა, მითუმეტეს ვერაგი ქვეყნების პოლიტიკა, შეიძლება ისე აღმოჩნდეს ადამიანი რუსული საქმის გამკეთებელი თვითონ ვერ მიხვდეს, გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ავტორ(ებ)ი :