01.03.2026 23:52
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა" ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდამჭერ ნაბიჯებზე და საპასუხოდ უკრაინის ნეგატიურ პოზიციაზე ისაუბრა.
„ხომ არის საუბარი, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია [ზელენსკი] და შეიძლება, მადლობისთვის არ ეცალოსო, მაგრამ იმისთვის როგორ მოიცალა, რომ სააკაშვილზე ცილისწამება გაავრცელა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს, ვინმე მას აწამებდა, კლავდა. ასეთ ტყუილს რომ იკადრებ ომში მყოფი ადამიანი, ამით რომ უპირველეს ყოვლისა, აზიანებ შენი ქვეყნის ინტერესებს და ნდობას შენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან რამდენიმე დღის წინ გაეროში მიღებული რეზოლუციისთვის საქართველოს მხარდაჭერაზე და უკრაინის რადას თავმჯდომარის მიერ ამ მხარდაჭერის შეფასებაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, რადას თავმჯდომარემ რეზოლუციისთვის მხარდაჭერას 21-ე საუკუნის წესიერების მინიმალური დონე უწოდა.
„გადახედონ, აბა, მხარდამჭერთა სიას და თავშეკავებულთა სიას, თუკი ეს ჩვეულებრივი წესიერებაა და მერე ისაუბრონ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და თავისთავადი არის თუ ამას სჭირდება გადაწყვეტილება და მხარდაჭერის ჩვენება.
ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის. ამიტომ როგორც უკრაინას აქვს პრეტენზია სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ, რომ მასთან დამოკიდებულებაში აწონონ საკუთარი სიტყვაც და საქმეც, ზუსტად ასეთივე პრეტენზია გვაქვს ჩვენ ყველა ხელისუფლების მიმართ, რომ საქართველოსთან დამოკიდებულებაში კარგად აწონონ საკუთარი სიტყვა და საქმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :