02.03.2026 21:35
დღეს ქართული ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადადგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანობისკენ, შეიქმნა ოპოზიციური ალიანსი. ეს არის ის, რისკენაც ყოველთვის მოვუწოდებდი და ამიტომ ვამბობ, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
სააკაშვილის თქმით, ის ჩართული იყო პროცესში და მუშაობდა სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ამ საკითხის წინ წასაწევად.
„მეც, სხვებთან ერთად, ვარ ჩართული ამ ამბავში და მთელი ეს დრო ვმუშაობდი, სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან ერთად, ამ საკითხის წინ წასაწევად. ამოვდივარ იქიდან, რომ შეიძლება, ჩვენ წარსულში გვქონოდა უთანხმოება და ზოგს, შეიძლება, ახლაც არ მოგვწონდეს ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი სრულიად უმნიშვნელოა იმ დიდ ისტორიულ პროცესთან შედარებით, რაც ჩვენ გარშემო ვითარდება. ამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ჩვენ ვაკმაყოფილებთ ქართველი ხალხის და დემოკრატიული სამყაროდან ჩვენი მხარდამჭერების მოთხოვნას, გვევლო ერთიანობის გზით. დღეს მოხდა ამ ერთიანობის დეკლარირება, ამას უნდა მოჰყვეს ერთობლივი გადამწყვეტი მოქმედება ჩვენი სამშობლოს და მისი თითოეული მოქალაქის გასათავისუფლებლად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთად დადგა და არ აჰყვა მტრის შემოგდებულ ცდუნებას გათიშვის და ერთმანეთის ჩაძირვის მიმართულებით. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია", - წერს სააკაშვილი.
დღეს ცხრა ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის".
ავტორ(ებ)ი :