02.03.2026 22:45
ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა, არის ჟამი ქვათა შეგროვებისა, - ამის შესახებ „ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ახლა სწორედ ეს ჟამი დგას, ოპოზიციური ალიანსი შედგა".
„ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე. ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხვავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ ჩვენს ძალად. განსხვავდება ეს ერთობა იმით, რომ ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული ალიანსი, ეს არ არის ზემოთ გადაწყვეტილი ალიანსი. აქცია, სანქცია, ალტერნატივა - ახლა შედგა ალტერნატივა, აქცია მიდის, დასანქცირებულები აგერ ხართ. ძალიან დიდი ელექტორატი გვყავს, ჩვენ გამოვუთხრით ძირს „ქართულ ოცნებას"", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ იყო დღევანდელ შეხვედრაზე „ლელო", ჩერგოლეიშვილის თქმით, „ლელოც" იქნება.
„შემოგვიერთდება, ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა. აქამდე არ ვიყავით ერთიანები, რადგან შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს, „ოცნების" რასაკვირველია", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
დღეს ცხრა ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის".
ავტორ(ებ)ი :