07.03.2026 16:12
საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ცნობით, დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
„პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :