10.03.2026 15:55
გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა" მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას, ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია აღნიშნული.
„ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები.
„2026 წლის 2 მარტს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს. შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რაც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმსა და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის მიმართ ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ: „ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა" მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას. ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად „ოპოზიციის ალიანსის" გაძლიერებასაკენ მიმართონ", - ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.
ავტორ(ებ)ი :