10.03.2026 19:34
ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ ყველა აქტორს გავსაუბრებოდით. საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ყველა აქტორთან თანამშრომლობდა ბოლო 6 თვის განმავლობაში, გვქონდა გულახდილი საუბრები, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოში ვიზიტის შესახებ.
მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დააყენეს.
„ის, რასაც ბოლო 2 დღეა ხედავთ, წარმოადგენს ამ მრავალთვიანი მუშაობის შედეგს. ჩვენ შევძელით ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიასთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან მუშაობა.
შევძელით ყველა საკითხის დაყენება. დავაყენეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა დიალოგის ნაკლებობა, ბოიკოტი, ძალადობა. ჩვენი ორგანიზაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. დემოკრატიულმა სისტემებმა უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები. ჩვენ წამოვჭერით დიალოგის არარსებობის პრობლემა როგორც პრემიერ-მინისტრთან, ისე პრეზიდენტთან, ისე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან. ამ ქვეყანაში არის დიალოგის ნაკლებობა”, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი.
„პირველივე დღეს შევხვდით იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთაც სურთ საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნა საქართველოში, თუმცა ამას ვერ ახერხებენ. მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ხალხთან ახლოს ყოფნა, რადგან ჩვენ ვართ საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც 300-ზე მეტ პარლამენტარს ვაერთიანებთ, ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია ვემსახუროთ ხალხს. ჩვენ 1 მილიარდზე მეტ ადამიანს წარმოვადგენთ, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია მოსახლეობასთან სიახლოვე, მით უმეტეს ქალთა საერთაშორისო დღეს”, - განაცხადა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
ავტორ(ებ)ი :